вторник, 19 января 2010 г.

ქრისტეფორე მიტილინელის "გალობანი ყოველთა წმიდათანი".

1. ქრისტიანული ლიტერატურა ბერძნულიდან ქართულად ადრიდანვე ითარგმნებოდა. თავდაპირველად ეს არ იყო ზედმიწევნითი სიტყვასიტყვითი თარგმანი. თანდათან მთარგმნელობითი პრინციპები იცვლება და XI საუკუნის II ნახევრიდან საფუძველი ეყრება ელინოფილურ მიმართულებას თარგმანში, რაც გულისხმობს ზედმიწევნით ზუსტ თარგმანს, აზრობრივი ნიუანსის, თუ ენობრივ სტილისტური შესატყვისობების შექმნას. ამ მიმართულების ერთ-ერთი ფუძემდებელია იოანე პეტრიწი, რომლის მრავალ თარგმანთაგან ერთ-ერთზე გვინდა შევაჩეროთ ჩვენი ყურადღება. ეს არის ქრისტეფორე მიტილინელის საეკლესიო კალენდარი: "გალობანი ყოველთა წმიდათანი".
2. ქრისტეფორე მიტილინელი წარმოშობით იყო დიდგვაროვანთა ოჯახიდან, ჰქონდა იპატის ტიტული. შემდეგ გახდა პატრიკი. მუშაობდა საიმპერატორო მდივნად. მოგვიანებით იყო მოსამართლე პაფლაგონიაში. მას ეკუთვნის ბიბლიური ტექსტების პოეტური დამუშავება და პოეტური კალენდარი ("წმინდანები"). ეპიტაფიები, პოეტური მიმართვები უმაღლეს სასულიერო და სამეფო პირებზე.
3. ადრიდანვე წმინდანის მიცვალების ადგილას კითხულობდნენ წმინდანის ღვაწლის აღმნიშვნელ საკითხავებს. აღმოსავლურ ქრისტიანულ სამყაროში სწორედ მათ უწოდებდნენ “პროლოგს”, ანუ შესავალ საკითხავს და “სვინაქსარს” ე. ი. საზეიმო შეკრების საკითხავს. პროზაული სვინაქსარები ადრიდანვე იქმნებოდა. პირველი გალექსილი სვინაქსარის შექმნას კი უკავშირებენ ქრისტეფორე მიტილინელს. 
4. წმინდანთა ერთად განდიდების ტრადიცია ქართულ სინამდვილეშიც არსებობდა. ამის მაგალითია მიქაელ მოდრეკილის “იადგარი” (X ს.), სადაც შეტანილია თვით მიქაელის მიერ შეთხზული ბრწყინვალე საგალობელი – “დასდებელნი ყოველთა წმინდათანი”, რომელშიც მსოფლიო წმინდანებთან ერთად განდიდებულია ქართველი წმინდანებიც. თუმცა საგალობლების მეშვეობით წმინდანთა ერთად განდიდების გარდა პროლოგი-სვისანაქსარის მიტილინელისეული ვერსიის დანიშნულება იყო პრაქტიკული ხასიათისა – მსურველთათვის გაეადვილებინა წმინდანთა ხსოვნის დღეთა დამახსოვრება. სწორედ ქრისტეფორე მიტილინელს, რომელიც მიჩნეული იყო თავისი დროის ერთ-ერთ ცნობილ სქედოგრაფად (სქედოგრაფია სასკოლო დისციპლინაა, რომელიც ეფუძნებოდა ენის შესწავლის მნემოტექნიკურ მეთოდს), შეეძლო წარმატებით გაერთვა თავი ამ ამოცანისათვის
5. იოანე პეტრიწს, როგორც ერთ-ერთ მოთავეს ქართული კულტურის ელინიზაციისა, მხედველობიდან არ გამორჩენია ქრისტეფორე მიტილინელის აღნიშნული შრომა და უთარგმნია ქართულად. ეს თარგმანი დაცულია 1233 წელს შედგენილ ხელნაწერში. თარგმანთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ არის ელინოფილური თარგმანი, რაც თავისთავად უცნაურია და საინტერესო ამ ეპოქისთვის და მითუმეტეს ამ მთარგმნელისთვის. პეტრიწს მიტილინელის ტექსტი შეუმოკლებია, ამოუღია ეპითეტები და ზოგიერთ წმინდანთა სახელები და ლიტურგიკული კანონის სახე მიუცია მისთვის. ქართულ თარგმანში არც ტექსტის პირვანდელი იამბიკური საზომია შენარჩუნებული. 
6. ამ ტექსტის გავლენით იოანე პეტრიწს დაუწყია მსგავსი შრომის შექმნა. შეუთხზავს ხუთი თვის წმინდანთა მოსახსენებელი იამბიკოები, რომელიც გაუგრძელებია XII საუკუნეში არსენ ბულმაისიმისძეს (ოთხი თვე) და დაუსრულებია XVIII საუკუნეში ანტონ კათალიკოსს.


Комментариев нет:

Отправить комментарий