вторник, 19 января 2010 г.

არსენ ბულმაისიმისძის იამბიკური სვინაქსარი


ძველმა ქართულმა ხელნაწერებმა შემოგვინახეს ლიტურგიკული მწერლობის ერთი მეტად საინტერესო ძეგლი – “ათორმეტთა თთუეთა პროლოღია”, ანუ იამბიკური სვინაქსარი. მასთან არის დაკავშირებული ქართული სულიერი კულტურის სამი უდიდესი მოღვაწის _ იოანე პეტრიწის, არსენ ბულმაისიმისძის და ანტონ კათალიკოსის სახელი. თორმეტი თვის ყველა დღეზე გაწყობილი იამბიკო საზომით შესრულებული კალენდრის წერა დაუწყია იოანე პეტრიწს, ქრისტეფორე მიტილინელის მსგავსი შრომის მიბაძვით. პეტრიწს გაულექსავს სულ ხუთი თვე (სექტემბერი - იანვარი), თუმცა, გაურკვეველი მიზეზების გამო, შრომა ბოლომდე ვერ მიუყვანია. იგი ტბელ აბუსერისძის თხოვნით გაუგრძელებია არსენ ბულმაისიმისძეს ივნისის თვემდე, ხოლო დანარჩენი სამი თვე (ივნისი _ აგვისტო) დაუწერია XVIII საუკუნეში ანტონ ბაგრატიონს. როგორც ჩანს, XVIII საუკუნეშიც აქტუალური ყოფილა ეს შრომა, რადგანაც ამ საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე განათლებული ადამიანის ყურადღება მიუპყრია. მიუხედავად იმისა, რომ ამ ტექსტზე მუშაობდა სხვადასხვა ეპოქის სამი უდიდესი მოღვაწე, ძეგლი შეუსწავლელია. შვინაქსარის არსენ ბულმაისიმისძის და ანტონ კათალიკოსის მიერ შესრულებული ნაწილი საერთოდ არ არის გამოცემული, ხოლო იოანე პეტრიწისეული - 1978 წელს თ. კუკავამ გამოსცა ორი გვიანდელი (XVIII საუკუნის) ხელნაწერის მიხედვით. აღსანიშნავია, რომ სამივე ნაწილი “პროლოღიისა” გაუერთიანებიათ და ერთ კრებულში შეუტანიათ გვიანი საუკუნეების ხელნაწერებში (შ-3731, H-2185). 
პროზაული სვინაქსარები ადრიდანვე იქმნებოდა, ქრისტეფორე მიტილინელის აღნიშნული შრომა კი, რომელიც პეტრიწს ქართულადაც უთარგმნია (“გალობანი ყოველთა წმიდათანი”), იყო პირველი ნიმუში გალექსილი კალენდრისა და ჰქონდა თავისი პრაქტიკული დანიშნულება - გაეადვილებინა რთულად აღსაქმელი მასალის მარტივად დამახსოვრება. ლექსის ფორმით დაწერილი ტექსტის სპეციფიკური დატვირთვა სწორედ ამაში მდგომარეობს. ქრისტეფორე მიტილინელს კი, რომელიც მიჩნეული იყო თავისი დროის ერთ-ერთ ცნობილ სქედოგრაფად (სქედოგრაფია სასკოლო დისციპლინაა, რომელიც ეფუძნებოდა ენის შესწავლის მნემოტექნიკურ მეთოდს), შეეძლო წარმატებით გაერთვა თავი ამ ამოცანისათვის. ქრისტეფორე მიტილინელის “გალობანი ყოველთა წმიდათანი” იამბიკური საზომით არის დაწერილი. სწორედ, აღნიშნული იამბიკური კალენდრის ფორმა გამხდარა იოანე პეტრიწისთვის საინტერესო, როცა ქმნიდა მსგავს ორიგინალურ შრომას. თუმცა, საინტერესოა ისიც, რომ პეტრიწს მიტილინელის შრომა შეუმოკლებია, ამოუღია ეპითეტები და საკუთარი სახელები და უთარგმნია იგი ლიტურგიკული კანონის სახით. 
ქვემოთ მოცემულ პროლოგ-სვინაქსარის არსენ ბულმაისიმისძისეული მონაკვეთის ვერსიფიკაციულ ანალიზს საფუძვლად უდევს ტექსტი, რომელიც მოთავსებულია A–85 (1233 წ.) ხელნაწერის 224რ-236რ გვერდებზე. 
“პროლოღია” იამბიკოთია დაწერილი. “იამბიკო არს გვარი ბერძნული ლექსისა” [იოანე ბატონიშვილი 1936 : 283]. იგი გამოიყენებოდა “საღმრთოთა შინა, აგრეთვე გალობათა შინა, შესხმისათვის და საფლავსა ზედა დასაწერელად და ესე ვითართა. ხოლო ესე შედგება თორმეტისა ხმოვნითა ასოთი. . . ესე შედგება ხუთ სტრიქონად”. (იქვე). იამბიკო სპეციალური სალექსო ფორმაა, რომელიც სტროფში მარცვალთა გარკვეულ რაოდენობას ემყარება. მიქაელ მოდრეკილის განმარტებით, იამბიკო შედგება 5 ტაეპისგან. თითოეულ ტაეპში 12 მარცვალია (მარცვალთა რაოდენობაში არ შედის ნახევარხმოვნები), რომელიც ცეზურით ორ არათანაბარ მუხლად იყოფა. ძველ ქართულში ცეზურა განკვეთის ნიშნით, წერტილით, ჩვენს შემთხვევაში მძიმით, აღინიშნება. იამბიკო იყოფა სტროფებად, ანუ მუხლებად. თითეული მუხლი შედგება 5, იშვიათად, 7 ტაეპისგან. იამბიკოში ტაეპი ზოგჯერ ორგანიზებულია, ზოგჯერ-არა. ანუ, არც მარცვალთა რაოდენობაა ტაეპში მუდმივი და ცეზურით გაკვეთაც ყოველთვის ერთნაირად არ ხდება. ეს კი სამეცნიერო ლიტერატურაში ახსნილია მისი არაქართული, ბერძნული, წარმომავლობით.
ქართული იამბიკოს ბერძნულის მიხედვით გამართვისას ძირითადი ყურადღება მიუქცევიათ იმისთვის, რომ ცეზურა მეხუთე მარცვლის შემდეგ მოსულიყო. მაგალითისთვის მოვიყვანოთ “პროლოღიიდან” ერთი სტრიქონი:
“ამამებს ჩჩÂლთა , სისხლთა მისთა შერევაÁ”.
ცეზურამდე გვაქვს ხუთი მარცვალი, ცეზურის შემდეგ_ შვიდი. იამბიკური ტრიმეტრის პირველი ნაწილი ერთი ორმარცვლიანი და ერთი სამმარცვლიანი ტერფით გადმოუციათ, მეორე ნახევარი კი _ ორი ორმარცვლიანი და ერთიც სამმარცვლიანი ტერფით. ფსიქოლოგიაში ცნობილი ფაქტია, რომ სუბიექტურ რიტმიზაციაში სტიმულაციები ორ-ორად, სამ-სამად და ორთ-ოთხად დაჯგუფებულები აღიქმებიან. შემოქმედის პრაქტიკა ანგარიშს უწევს ფსიქო-ფიზიოლოგიურ კანონებს და სალექსო საზომებიც ორმაგ, სამმაგ ან ოთხმაგ დაყოფებზეა დაფუძნებული, ამასთან, ხანმოკლე მეხსიერების საზღვრები 7-8 მარცვალს არ აღემატება. აქედან გამომდინარე, რიტმული დაჯგუფების შემადგენელ ელემენტთა რიცხვი არ უნდა სჭარბობდეს ოთხს, ხოლო ქვეჯგუფის მაქსიმალური მოცულობა - რვა მარცვალს. სწორედ ამიტომ თორმეტმარცვლიანი ტაეპის ტრადიციული დაყოფა ასეთია: 12=6:6; 5:7; 7:5; 4:4:4 [ნაკუდაშვილი 1996 : 21]. “პროლოღიის” თორმეტმარცვლიანი ტაეპის დაყოფა ძირითადად 5+7-ია. თუმცა, არის გამონაკლისები, მცირე რაოდენობით ამგვარი დაყოფის დარღვევის ფაქტები, რის მიზეზადაც ზემოთ მისი არაქართული წარმომავლობა დავასახელეთ. მაგალითად, “ჭაბუკმკურნალმან , თავი ჰგურდემლა სამსჭუალთა.” ამ ტაეპის პირველი ნაწილი შედგება ხუთი, ხოლო მეორე - ცხრა მარცვლისგან. ასევე გვაქვს შემთხვევები, როცა ცეზურა ტაეპს ყოფს არა ხუთი, არამედ ექვსი მარცვლის შემდეგ: “კუართსა აზეზებს , მეწამულდ სისხლითა.” ან “ბასილი მკუდრისა , აღმდგენი თრევით მკუდარობს.” თუმცაღა, ასეთი შემთხვევები არც ისე ბევრია. Á, Â, À ტაეპში მარცვალს ვერ ქმნის.
“პროლოღიაში” ცეზურის ნიშნად მძიმე გვაქვს, ხოლო ტაეპებს ერთმანეთისგან წერტილები ჰყოფს. ყოველი მუხლი ორწერტილით და მძიმით სრულდება, ხოლო ახალი მუხლის ყოველი პირველი ასო სინგურითაა შესრულებული. ხელნაწერში მუხლები დანომრილია და შესაბამისი ნუმერაცია ასომთავრული ანბანით ერთვის აშიას. ნათქვამის საილუსტრაციოდ და უკეთ გასაგებად აქვე ვურთავთ “პროლოღიის” არსენისეული ნაწილის ერთი მუხლის, 26 თებერვლის ფოტოპირს A – 85 ხელნაწერიდან. ხელნაწერის ნუმერაციით ეს გვერდი არის 227რ:



A-85 ხელნაწერი (1233წ), 227 რ.
რაც შეეხება ტაეპთა რაოდენობას მუხლში, ასევე არ ისაზღვრება მუხლის იამბიკური ორგანიზაციისთვის დამახასიათებელი ჩარჩოებით, რაც 5 ან 7 ტაეპს გულისხმობს. ერთი მუხლი შეიცავს ერთ დღეს მოსახსენებელ წმინდანთა სვინაქსარულ ცხოვრებებს. შესაბამისად, ერთ თვეში იმდენი მუხლია, რამდენი დღეც არის. მაგალითად, პირველ თებერვალს მოხსენიებულია სულ ორი წმინდანი. მუხლში ტაეპთა რაოდენობაა რვა:
ტურფონს ჰშუÀნიან ყრმასა კამსადოს ღრღედნი,
მადლით ღმერთქმნილსა ეშმაკთა ქრისტებრ ფლობაÁ,
ნიკეას შინა თÂთ მუნ თქუმულთათÂს ÃრმალვაÁ,
Ãამლით აღმომსჭუალვაÁ, გუÀრდსა ლამპრითა ძღუნობაÁ
და მათვე მთმენსა Ãელად სულსა ღვთისებაÁ.
ბენდიმიანე ავქსენტისი მისებრვე
და ნახეთქებთა ათ ოთხ და ორ წელ მყოფი
მუÃლმოდრეკილი სარკეთაÁთ პიპირობს.
პირველ მარტს მოსახსენებელ წმინდანთა ჩამონათვალი შედარებით უფრო ვრცელია და მეტია ტაეპთა რაოდენობაც მუხლში:
“ევდუკიასთა კნინღა შევეზღვენით,
ცვლილმან სატირმან პირველთაგან მეორედ
აცისკრისფერა ბნელი ინათლმთენა რაÁ,
ამსხუერპლნა სისხლნი ქრისტეს ესრეთ მეტყუÀლსა,
ზეცისა ძალნო ჩემთანა გიხაროდენ!
და წმიდათაცა ნესტორ და ტრიფიმიოს,
მარკელლ, ანტონი, სილიბისტროს, სოფრონი
და ანტონინე, მარკოზ მონაზონითურთ
ქედნი ალესნეს იაკინტებრნი Ãრმალსა,
სულთა ჰაერთა სულნი უვნებლად აღვლნეს”
როგორც დავინახეთ, მუხლში ტაეპების რაოდენობა განსხვავებულია და ამის მიზეზი, გარდა მისი არაქართული წარმომავლობისა, შეიძლება იყოს:
ა) ამა თუ იმ დღეს მოსახსენებელ წმინდანთა განსხვავებული რაოდენობა.
ბ) წმინდანთა სვინაქსარული ცხოვრების მოცულობა.
გ) ავტორის გადაწყვეტილება, დაწეროს ერთ წმინდანზე უფრო ვრცლად, ვიდრე მეორეზე. 
ბერძნული იამბიკო შეიცვალა მეტრული სისტემის ტონურით ცვლილების გამო, თუმცა, ამას ქართულ იამბიკოზე გავლენა არ მოუხდენია. ქართული იამბი იამბადვე რჩებოდა, იქნებოდა ის გაგრძელებული თუ აქცენტიანი. ორივე შემთხვევაში იგი შეუფერებელია ქართულისთვის. არისტოტელეს შეფასებით, იამბი ყველაზე ახლოა ენის ბუნებასთან, თუმცა ამას ვერ ვიტყვით ქართულის შესახებ. ქართულად იგი ძალინ მძიმე გამოვიდა, გამომდინარე ორმარცვლიანი და სამმარცვლიანი ტერფების არათანაბარი გადანაწილებიდან. მიუხედავად იმისა, რომ მან დიდი როლი შეასრულა თავის დროზე სასულიერო მწერლობაში, როგორც ყველაზე გავრცელებულმა სალექსო საზომმა, დიდი ხნით მაინც არ შემორჩა, როგორც ენისთვის შეუფერებელი, მძიმე ფორმა [ბერაძე 1943 : 590, 591]. იგი ქართულ ჰიმნოგრაფიაში X საუკუნიდან XVIII საუკუნის ბოლომდე არსებობდა. ეფრემ მცირისეული ტერმინი “წყობილ სიტყუა რიცხვედი”, ანუ “წყობილი სიტყვა” ქართულ ჰიმნოლოგიაში სწორედ იამბიკოს უნდა აღნიშნავდეს [სულავა 2006 : 82]. ა. სილაგაძის შენიშვნით, იამბიკო, ერთის მხრივ, დაუპირისპირდა საკუთრივ ქართულ ფორმას, მეორეს მხრივ, მისი განვითარების პროცესში ყოველთვის იგრძნობა ბუნებრივი, ქართული ლექსწყობის პარალელური ფუნქციონირების კვალი და განიცდის კიდეც მის გარკვეულ გავლენას [სილაგაძე 1997 : 84]. იამბიკოს ტაეპები იშვიათადაა გარითმული. ეს არის რიტმულად ორგანიზებული პროზაული ფორმები [სულავა 2006 : 83, 84]. მიუხედავად ამისა, არსენი ხშირად ახერხებს იამბიკური საზომის ქართულ ლექსთან ეფექტურ შეხამებას, რაც არაიშვიათად გვაძლევს რიტმულად ორგანიზებულ, მხატვრულად სრულქმნილ სტროფებს. ვთქვათ, ასეთს: 
“დიოლოღონსა, გრიგოლს ჰშუÀნი პაპობაÁ,
Qქრისტეს ÃელობაÁ, არ თვისითცა ნუკვებაÁ,
ლოდაკსა ძღუნებაÁ, ტრაÁანეს მÃსნელობაÁ,
სწავლათა ღუარსა, უხუად აღმომდენლობაÁ” [1, 228ვ, იბ].
თუმცაღა, ტექსტში მრავლად არის სტრიქონი, სადაც რიტმული ორგანიზაციის კვალიც კი არ ჩანს:
“გრცხუÀნინ სატანა, აჰა, დედებმან გაშთო,
სისხლთ თÂსთა ზღუთა ალექსანდრა ბრძენმან
კლავდიას თანა ევფრასია, მატრონა
და ივლიანა, ევფემია და ღირსმან
თეოდოსია იზეცისბჭისბინაეს.” [1, 229რ, კ]
მოვიტანთ კიდევ ერთ მუხლს ექვსი თებერვლის მასალიდან:
მÃეცთ მცველი რაÁ სილოვანეს ესაქმა
ზესთმესრულესა ლუკა მუკიმოსითრთ,
ამათნი შურნი იშურვნა ივლიანე,
ჭაბუკმკურნალმან თავი ჰგურდემლა სამსჭუალთა,
კუალად ქმნადთა ჰქუა სულმან, მომელოდენით.
ფავსტია ბრძენი მტანჯველსა სცვლის მოწამედ.
ევლასიოს, ეგრეთვე მაქსიმინოს
მათგან ნამზადნი ტაფაკნი ზოგად ილმნეს.
და სხვაÁცა ფავსტო, ბასილი, სილოვანე
ზეცის გზაობენ და დიდმან ბარსანოფე
კოსტანტინელთა მწყემსსა თანა ფოტიოს
ძილი ირულეს, მართალთაÁ სამნეტართა
საბაელთ ტიტლოÁ ვოკოლის აზედდღისებს.” [1, 224ვ, ვ]
ამგვარი ურიტმო პროზაული თხრობის მიზეზად ჩვენ რთული და ვრცელი მასალა მიგვაჩნია, რომელთან გამკლავებაც ყოველთვის სრულყოფილად არ გამოსდის ავტორს. თუმცა, ასეთი მძიმე ლექსის გვერდით გვხვდება სასიამოვნოდ მოსასმენი სტრიქონებიც. 
უფრო მეტიც, არსენ ბულმაისიმისძე სიტყვათა თამაშით, მხატვრული გამეორების ეფექტური გამოყენებით ცდილობს ტექსტს მისცეს მუსიკალური ელფერი, მაშინ როდესაც იამბიკური საზომით რთულია პოეტური აღმაფრენისა და ექსპრესიის გამოხატვა. ამის მაგალითები ტექსტში არაიშვიათია:
“ეტყÂს შეთაგან შენნი შენვე იმსხუÀრპლენ…” [1, 227რ, კზ].
“თითოსახეთა წესთაგან სხუა ქალაქნი
მრავალსახეთა ტანჯვათა იპირობენ” [1, 225ვ, ივ]. 
“იმშÂდთქვეყნებს, მშÂდობით მირულვილი.” [1, 227რ, კვ]
“განსრულებულნი, ქრისტეს ესრულებიან” [1, 227რ, კÀ].
“ექუსნი ექუსთაგან ქალაქთა ერთქალაქნი” [1, 228ვ, იე].
“ებვერვარისა, ერდოÁ გარდაგმენაკო
ფიცითსავნები, ჩუენი გარდაგმენაკო.. ” [1; 227რ] 
“რანი თÂთ პირველ თÂსნი უთÂსნა ღმერთსა
დიდმან თეოდორე აწ კუალად თÂსთა 
თÂსსა უთÂსებს ქრისტესა განჯუარულთა” [1, 227ვ, გ] 
“კოსტანტინელნო მწყემსსა კუალად უძნობდით
და ნიკიფორე მკუდარი კუალად იცხოვლეთ.” [1, 228ვ, იგ]
“მუცელპებულნი, განაპობენ ეთერსა.” [1, 230რ, ლ]
“ერთსულნი ერთად, ქრისტეს ესრულებიან
სისხლთა მიჰრონსა მიუზღვენ მიუძღუნებენ.” [1, 229რ, ით] 
“ექუსნი ექუსთაგან, ქალაქთა ერთქალაქნი” [1, 228ვ, იე] და ა. შ.
არსენ ბულმაისიმისძის ღვთისმშობლისადმი მიძღვნილ ერთ-ერთი იამბიკო, რომელიც ეხმიანება დემეტრე მეფისა და ბორენა დედოფლის იამბიკოებს, ტექსტიდან ამოუღიათ, კანონიკურად უცვნიათ და შეუტანიათ “ღვთისმშობლისანად” ევსტათი მცხეთელის ხსენების დღის ჰიმნოგრაფიულ მასალაში. ეს იამბიკო მართლაც ახდენს მკითხველზე საოცარ ემოციურ ზემოქმედებას: 
“თÂთ პირველ არსმან და ყოვლისა მაარსმან,
იარსა ჩემთÂს, აწ კუალად ჩემობს სხუაÁ,
ემრჩობლა თბესა, ქალწულებრსა ნაზარეთს
მარიამ ეტყÂს, ღავრიილ გიხაროდენ
უფალი ჩვენი, და ღმერთი შენ შორის არს:,.” [1, 229რ, კე]
არსენ ბულმაისიმისძის ამგვარი დამოკიდებულება ტექსტისადმი გარკვეულწილად ხელს უწყობს საგალობლის იოლად დამახსოვრებას, აგრეთვე, მსმენელის ამაღლებული განწყობილებით გამსჭვალვას.
ამგვარად, “პროლოღიის” ვერსიფიკაციულ ორგანიზაციაში კარგად აისახა ქართული იამბიკოსთვის დამახასიათებელი ყველა თავისებურება, თუმცა როგორც ვნახეთ, ავტორი ცდილობს მკითხველისთვის რთულად აღსაქმელი და ქართული ლექსისთვის რთული ფორმით დაწერილი მასალის ემოციურად და ეფექტურად გადმოცემას. 
ქართულ ლიტერატურაში ელინიზაციის პროცესი იწყება XI ს-ის მეორე ნახევარში. სწორედ ეფრემ მცირე უდებს სათავეს ელინოფილურ მიმართულებას ჩვენს მწერლობაში. ამ პროცესში გამოყოფენ ძირითადად სამ შტოს: ეფრემ მცირის, არსენ იყალთოელის და გელათური სკოლის, მისი დამაგვირგვინებელი იოანე პეტრიწითურთ. ტერმინ ელინოფილურთან ერთად ამ მნიშვნელობის გამოსახატავად გამოიყენებენ ტერმინ პეტრიწონულს და გელათურს. ამგვარი მიმართულების ჩამოყალიბებას ხელი შეუწყო ბერძნული კულტურის მნიშვნელობის, ორიგინალის ენისა და ბერძნული განათლების პრესტიჟულობის ზრდამ. ერთი სიტყვით, თავად ბერძენთა მოთხოვნების გაზრდამ აღმოსავლურ-ქრისტიანული სამყაროსადმი და ქართველთა ინტერესის გაზრდამ ბერძნულისადმი, სათარგმნი დედნების ტექსტობრივმა სირთულემ, ჟანრობრივმა და მხატვრულ - სტილისტურმა თავისებურებებმა. ამას დაერთო, აგრეთვე, თავად ქართული მთარგმნელობითი ტრადიციის და საღვთისმეტყველო აზრის განვითარება. ელინოფილური თარგმანი არის იმიტაციური თარგმანი, ბაძვის იმიტაციის ტექნიკით შესრულებული, რაც ზედმიწევნობის ყველაზე ცხადი გამოხატულებაა. იგი კალკირების საშუალებით ბაძავს და ქმნის ორიგინალის მახასიათებელ ნიშნებს და თვალსაჩინოს ხდის მათ თარგმანის ენაში. თარგმანის ეს ტიპი, სადაც გადმოღებულია დედნის ძირითადი ლინგვისტური ელემენტები, (უცხო ბერძნული კონსტრუქციების დამკვიდრება, ბერძნული ლექსიკის შემოტანა), ზოგიერთ მკვლევარს მიაჩნია ინტერპრეტაციის უფრო მაღალ დონედ, ვიდრე სემანტიკური ინტერპრეტაციაა [ბეზარაშვილი 2004 : 360]. ელინოფილურმა ენამ და ტერმინოლოგიამ გავლენა მოახდინა შემდეგდროინდელ ორიგინალურ მწერლობაზეც (იეზეკიელი, არსენ ბულმაისიმისძე, ნიკოლოზ გულაბერისძე). როგორც ცნობილია, იოანე პეტრიწის ენასა და სტილს, მის ტერმინოლოგიას გავლენა მოუხდენია და ასახულა “ვეფხისტყაოსანში”, “თამარიანში”, “აბდულმესიანში”. . . [ბეზარაშვილი 2004 : 358].
პეტრიწის ენის თავისებურებას ქმნის ფილოსოფიური შრომების მეცნიერული ენა, ბერძნული ენის გავლენა სიტყვათწარმოებასა და სინტაქსის ზოგ ასპექტში. გარდა ამისა მის სტილს ქმნის მთელი რიგი იმ ინდივიდუალური თავისებურებებისა, რომელიც ვლინდება ენაში არსებულ სინონიმურ ფორმათა და სინტაქსურ კონსტრუქციათა შერჩევაში.
დ. მელიქიშვილი პეტრიწის ენის სირთულეს ხსნის მისი ფილოსოფიური შინარსიით [მელიქიშვილი 1975 : 57,66], თუმცა ამ არგუმენტს ასუსტებს “პროლოღია”, რომელიც მოკლებულია ფილოსოფიურ შინაარსს. ამას ხელი არ შეუშლია პეტრიწისთვის, ეწერა მისთვის ჩვეული, რთული, ელინოფილური სტილით.
როგორც ვიცით, სათვეო სვინაქსარი არის იამბიკოდ დაწერილი წმინდანთა მოკლე ცხოვრებები. ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, რომ ფორმატი ნაწარმოებისა ითხოვდა მაქსიმალურ ლაკონიურობას, შესაბამისად, ავტორიც თითო ან ორი სტრიქონით ეხმიანება წმინდანის ცხოვრების ამა თუ იმ ვრცელ ეპიზოდს. ზოგ შემთხვევაში კი, საერთოდ ერთი ან ორი სიტყვით მიგვანიშნებს მასზე. მაგ:
“მარკოს იქების ორკერძოÁთა სიბრძნითა,
ჰშუÀნის აფთართა, ქველვილთა მეძღუნეობაÁ” [1, 227ვ, ე].
საუბარია მარკოზ მონაზონზე, რომელსაც მონაზონთა სწავლების და სასწაულმოქმედების ნიჭი ჰქონდა, რაც ტექსტში გამოიხატა “ორკერძოÁ სიბრძნით”. შემდეგი სტრიქონი შეიცავს ეპიზოდს, სადაც მარკოზ მონაზონი ჰკურნავს აფთარის ბრმა შვილს, რის სანაცვლოდაც აფთარმა ძღვნად მიართვა ცხვრის ტყავი. მარკოზმა ტყავი მხოლოდ იმის შემდეგ აიღო, რაც აფთარი დაჰპირდა, რომ გაჭირვებულებს აღარ შეაწუხებდა.
ან კიდევ: 6 მარტს იხსენიება კონონი, რომლის შესახებაც ვკითხულობთ:
“სხუაÁ კონონ ძალთა მთავრისა მცველად მქონი,
ისავროელთა კერპი არწმუნებს ქრისტეს,
ჰუნეთმძლეველი, ეშმაკთა მიწად მფლველი” [1, 227ვ, ვ].
კონონმა ცხენზე ამხედრებულ კერპთაყვანისმცემლებს ფეხით დაასწრო მისვლა გამოქვაბულში, სადაც მსხვერპლი უნდა შეეწირათ, ამიტომ არის იგი “ჰუნეთმძლეველი”. კერპი მასში დაბუდებული ეშმაკითურთ მივიდა კონონთან და თქვა: ”ერთ არს ღმერთი იესო ქრისტე”. კონონმა ეშმაკი სახლის საძირკველში კეცის ჭურჭლით ჩაამწყვდია, რითაც დაიმკვიდრა სახელი “ეშმაკთა მიწად მფლველის.”
მიუხედავად ტექსტის სპეციფიკურობისა და მისი ლიტურგიკული დანიშნულებისა, ავტორი ცდილობს ფაქტები გადმოგვცეს არა მშრალად და უღიმღამოდ, არამედ ხატოვნად. ამაში არ იგულისხმება მხოლოდ ბიბლიური და თეოლოგიური სიმბოლოები. მაგალითად, არსენი მოწამის მიერ სისხლის დაღვრას, ხატოვნად ასე გადმოგვცემს: “ძოწავს პორფირთა. . “ “კუართსა აზეზებს, მეწამულად სისხლითა.” ასევე ხატოვნად საუბრობს გარდაცვალებაზე: “სამყაროÁსაგან მვლელთა” . . “ცად განსცვლიან კარავსა”. . .”იმშÂდთქვეყნებს, მშÂდობით მირულვილი” . . ”სულთა ჰაერთა, სულნი უვნებელად აღვლნეს”. . “სულსა აღაღვთისახლებს”. . “ძილსა მშÂდთასა ზენად მიიკიბებენ. . ” და ა. შ.
არსენ ბულმაისიმისძე “გრძელი სიტყვის მოკლედ თქმის” ოსტატია. იგი უაღრესად დაწნეხილი სტრიქონებით ახერხებს წმინდანის ღვაწლის უმთავრესზე მინიშნებას. ამასთანავე, ზუსტად შერჩეული სიმბოლოების, სათქმელის ხატოვნად გადმოცემის მეშვეობით თხრობას ესთეტიკური შინაარსით ტვირთავს.
Aარსენ ბულმაისიმისძის თხზულება “გაგრძელებაა პეტრიწის იამბიკური სვინაქსარისა, დაწერილია პეტრიწისავე სტილითა და მეთოდით.” [კეკელიძე 1960, I : 289] კ.კეკელიძის ეს შენიშვნა, ბუნებრივია, სვამს ორი თხზულების ურთიერთმიმართების საკითხს. თხზულების ბულმაისიმისძისეული ნაწილი განიცდის პერტიწის სტილის გავლენას. ეს მოსალოდნელიც იყო. მიიჩნევენ, რომ არსენი არის გელათური სკოლის წარმომადგენელი. საგულისხმოა, რომ სწორედ აქედან უგზავნის აბუსერ აბუსერისძეს იგი ეპისტოლეს და ჰიმნებს. აქვე შევნიშნავთ, რომ “პროლოღის” ენა განსხვავდება არსენის ჰიმნების ენისგან, რომლებიც გამოირჩევიან საოცარი სისადავით და სიმარტივით. შესაბამისად, თხზულების ენა თვით ავტორისთვის, ვფიქრობთ, ნაკლებ ორგანულია. არსენს უცდია, რადგანაც ის აგრძელებდა პეტრიწის შრომას, მსგავსება ტექსტის პეტრიწისეულ ნაწილთან მაქსიმალური ყოფილიყო. ამას ის გარკვეულწილად ახერხებს კიდეც. საილუსტრაციოდ მოვიტანთ მსგავსი ლექსიკური თუ გრამატიკული ფორმების, სიტყვათწარმოების რამდენიმე მაგალითს “პროლოღიის” ჯერ პეტრიწისეული, ხოლო შემდეგ არსენ ბულმაისიმიძისეული ნაწილიდან:
საერთო ლექსიკა: 
“კოსტანტინელნო, მწყემსსა კუალად უძნობდით “ [1,228 ვ, იგ ]. 
“გონიერება გონიერებით სძნობდინ. ” (54.8)
(ძნობა – სიმებიან საკრავზე დაკვრა, გალობა. ილ. აბულაძე.)
“კაცთა აზესთაებენ” [1, 228ვ. იდ]. 
ეზეშთაების ცათა. 74, 20.
(ზესთა, ზეშთა – უმაღლესი, ყველაზე მაღალი, ილ. აბულაძე.)
“ქედსა რაÁ ილმო” [1, 225რ, À]. 
“შურმან სიკუდილი ილმო.” 48,7.
(ლმობა – ტკივილი, წვა, შეჭირვება. ილ. აბულაძე.)
“სულნი შეარწყუნეს” [1, 229რ,გ]. 
“ნივთნი ნივთთავე შეარწყუნა”. 51,22
(შერწყუმა – შეერთება. ილ. აბულაძე, შერწყვა – შეერთება. ზ. სარჯველაძე.)
“მოწამე მღდელი ზოსტერსა აპორფირებს” [1, 225რ, ი]. 
“მღდელებრივსა ზოსტერსა ამეწამულებს” (69,4). 
(ზოსტერი – ქამარი, სარტყელი. ილ. აბულაძე) 
“ყოფადთა ამხილველებს” [1, 228ვ,იდ]. 
“სელიმტელი აქა ხმობს ყოფადთა.” (70,9)
(ყოფადი – რაც იქნება, მოხდება, მომავალი. )
“ირიმის მტუÀრსა განაყრევს, მახÂლი მკლველებრივი.” [1, 231ვ, ივ]
“ცეცხლი განაყრევს მტუვერსა.”(43,17)
დ. მელიქიშვილი იოანე პეტრიწისეულ სიტყვათწარმოებას აფასებს, როგორც ლექსიკის გასამდიდრებლად ენაში არსებული მასალის ვირტუოზულ გამოყენებას [მელიქიშვილი 1975 : 6]. ორივე თხზულებაში ბევრია ერთი და იმავე სიტყვისაგან ნაწარმოები ზმნა:
ღმერთი
“ქრისტესა აღმრთობს” [1, 227რ,კზ]. 
“იგიცა აღმრთობს”(75,25).
კიბე
“ხერხსა იკიბებს” [1, 230ვ, ე]. 
“ქვათა იკიბებს საცოდ” (47,4).
მზე
“სკიტე ამზეებს” [1, 233ვ,ე] . 
“ამზეებს ნიშთა შარავანდი”(63,12).
გვირგვინი
“იგÂრგÂნებენ მოწამეთა ბანაკსა” [1, 225რ,ი]. 
“დიმიტრი ვინმე მახვილსა იგÂრგÂნებს” 
გურდემლი
“თავი ჰგუერდემლა” [1, 224ვ, ვ]. 
“ქედს ცემით რკინა უგუერდემლებს” (67,28).
მწყობრი (მეფერხულე; მწყობრება – წრე, რიგი. ილ. აბულაძე.)
“ბევრთა თანა იმწყობრა” [1, 225რ,À]. 
“რომელთა თანა მწყობრობს ისუსნავესი” (38.1) . 
საწუთო
“მწყემსი ანასტასიოს საუკუნოდმი განისაწუთოებს დღეს” [1, 231ვ, კ]. 
“სათნოებათა თავად აღსრული აწ განისაწუთოებს”(47,5).
მანიაკი (ყელის სამკაული, ოქროს ან ვერცხლის რგოლი; ძეწკვი. ილ. აბულაძე)
“იმანიაკნეს ხრმალნი” [1, 230ვ,ე] . 
“ხოლო შემდგომთა მახვილი ჰმანიაკობს” (43,19). 
ბრძმედი (ქურა, სადნობელი – ილ. აბულაძე)
“მერმე თრეული ცეცხლითა განიბრძმედვის” [1,224ვ,ე]. 
“სხუათა თანა ცეცხლით განიბრძმრდვიან” (53,2).
პირად-პირადი (სხვადასხვა, ნაირ-ნაირი ილ. აბულაძე)
“ქალწულსა ღუაწლნი ჰპირადჰპირადობდენ რაი” [1, 224რ,ე].
“ორღანოებთა ირადპირადებენ” (64,18).
საგრი (საგრობა – ჯარისკაცობა; მეომრობა ილ. აბულაძე; გარეობით მგზავნი ბრძოლა და მიხდომა პირაღმა).
“ბარბარო პირადპირადთა სიკვდილთაით ზეისაგრებს” [1, 234ვ,იდ] . 
“სიმდაბლით განისაგრებს საწუთოთ” (48,9).
მეძღუნეობა (ძღუნება – მოტანინება ილ. აბულაძე).
“ღმრთისმშობელს ვჰმეძღუნეობთ” [1, 229რ,კგ] .
“ჰმეძღუნეობენ გუნდრუკებსა” (66,26). 
თÂსი (მახლობელი, თავისიანი, თÂსაგან მარტოდ. თÂსება – განსაკუთრებულება, მსგავსება). 
“აწ კუალად თÂსთა თÂსსა უთÂსებს.” [1, 227ვ,გ] 
“სთÂსობს ჯუართა სიკუდილსა უფლისასა”. (43,18)
ტალავარი (ფაცხა, საჩრდილობელი, ფანჩატური, ტალავრობა - ებრაელთა დღესასწაული. ილ. აბულაძე).
“ოფლთაÁთ მართალთა თანა განიტალავრებს” [1, 235ვ,კგ]. 
“შრომისა ოფლთა ქუენათ განიტალავრა” (61,3).
წიაღ – გაღმა, იმ მხარეს, გამოღმა, ამ მხარეს. ილ. აბულაძე
“ესრეთ ქმნითა მართალთად წიაღობს” [1, 236რ,ლ]. 
“ელისაბედებრ ეწიაღების კლდესა” (44,24).
მარგალიტი
“თავსა ხრმლით იმარგალიტვენ” [1, 230ვ, თ]. 
“თხემსა მისსა ემარგალიტნეს ქვანი” (66,27).
“მარგალიტებად, ქვათა იკრბენ თხემთა”.
მსხუერპლი
“ამსხუერპლნა სისხლნი” [1, 227რ,ა] . 
“მახვილებითა ამსხუერპლებენ ღმერთსა თავთა” (58,22).
განკერძოება (მოშორება, გაცალკევება, მოცილება)
“მახÂლი თავთა განუკერძოებს გუამით” [1, 231ვ,იÀ]. 
“მახვილი თავთა განაკერძოებს გუამით” (14,6).
სერი (ვახშამი, სერობა – ვახშმობა, ილ. აბულაძე. საბა: ასერ- ნეტარება, გინა ბედნიერი.)
“დიოსკორეცა მახÂლსა ესერების” [1, 234რ, იÀ]. 
“ნიკომიდიას ესერების მახვილსა” (39,4).
სრულება (სრულყოფა, დასრულება, დამტავრება ილ. აბულაძე)
“ნიკანდროს Ãრმალსა ესასრულა” [1, 229რ,კბ] . 
“მამა მახვილსა მკუეთრსა ესასრულების” (47,4).
ჰრული (თვლემა, რული, ძილი ილ. აბულაძე)
“რულსა ჰრულვენ” [1,226ვ,კბ] . 
“შრომათა შინა ჰრულის მშვიდობით”(62,9).
მსგავსი ლექსიკური ერთეულების, გრამატიკული ფორმების, ნაწარმოები ზმნების და ა.შ მოტანა მრავლად შეიძლება. გვხვდება ნაწარმოებ ზმნათა ამოსავალი, ძირეული სიტყვებიც. 
აქვე შევეცდებით ჩვენი ძეგლის ზოგად ენობრივ მიმოხილვას. ტექსტის სრულყოფილი ენობრივი ანალიზი ჩვენი ინტერესის სფეროში არ შედის. ამჟამად დავკმაყოფილდებით მხოლოდ ზოგადი დახასიათებით და შევეცდებით ყურადღების გარეშე არ დაგვრჩეს მხოლოდ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ენობრივი მოვლენები. ამ გზით, შევეცდებით გავამყაროთ ჩვენი ვარაუდი, არსენ ბულმაისიმისძის, როგორც გელათური სკოლის ტრადიციების ერთგულად მიმდევარი მწერლის, შესახებ:
1. მრავლობითი რიცხვი იწარმოება ებ, ნ და თ სუფიქსებით. ებიანი მრავლობითი შედარებით იშვიათია: ნიშებს, კომსებითურთ, ეტლებითა, სატანჯველები, ქალაქები. ხშირია ერთსა და იმავე ფორმაში ორივე სუფიქსის გამოყენების შემთხვევები:
სახელობითი ბრუნვა: ურმის თუალებნი, ქვებნი, მონებნიცა, ბაგინებნი, საგუემელებნი, სამსახურებნი.
მოთხრობითი ბრუნვა: “ხუცესთა, მონაზონებთა და ერისკაცთა გუთეთს იეტლეს” [1, 229რ, კე].
მიცემითი ბრუნვა: “მღდელმთავრობს ქრისტე ბევრებთა თანა.”
“ალფე და ძენი მისნი ღუაწლებთა მათთა აამისდღისებენ” [1, 235ვ, კვ].
“მოყუსებთა თანა Ãრმალსა ემაღნინტვიან” [1, 224რ, ბ].
“დედებთა თანა ღმრთისა მყვანელი” [1, 229ვ,კე].
ნათესაობითი ბრუნვა: “სისხლებთა ღუარმან აღაღმრთვნა” [1,226ვ,კა].
“მკურნალი უსრულესთა მთის მწუერვალებთა. კერპვეშაპებთა დამმუსრველი” [1, 230ვ, დ].
2. ადამიანის საკუთარ სახელებში დაცულია ძველი ქართულის ნორმა – ოთხ ბრუნვაში არ არის ბრუნვის ნიშანი, არ დაირთავს სავრცობს:
“სÂმეონ იჯმნის” [1,224რ, ბ].
“ხოლო აღათონ, დიდი პაპაÁ ჰრომისაÁ ცად გასცვლის მიწის კარავსა.”. მოთხრობითში ბრუნვის ნიშანი ერთვის მსაზღვრელ სიტყვას:
“მნათობმან ისიდორე სული აღამრთო” [1, 224რ, დ].
“ამათნი შურნი იშურვნა ივლიანე ჭაბუკმკურნალმან” [1, 224ვ, ვ].
“დიდმან ბარსანოფე. . . მწყემსსა თანა ფოტიოს ძილი ისრულეს” [1, 224ვ, ვ].
ერთ შემთხვევაში საკუთარ სახელს აქვს მოთხრობითი ბრუნვის ნიშანი. წინადადებაში ოთხი სახელია, აქედან სამი - ფუძის სახით:
“ერემია, ესაია, სამუილ და დანიელმან Ãრმალ-ჯუარები ეტლად ისამცხევლეს” [1, 225ვ, ივ].
საინტერესო ჩანს უცხოურ (ბერძნული წარმომავლობის) სახელთა ფორმები. ცნობილია, რომ ეს სახელები ორი გზით გადმოდიოდა ქართულში: ლიტერატურული (მწიგნობრული) გზით – ბერძნული ნომინატივის (სეხელობითის) ფორმით და ხალხური (ზეპირი) გზით – ბერძნული ვოკატივის (წოდებითის) ფორმით. ქართულში ამის მიხედვით განსხვავებული დაბოლოებები ჰქონდათ [ყაუხჩიშვილი 1956 : 145-146].
არსენის თხზულებაში ეს წესი დაცული არ არის – ერთი და იგივე სახელი სხვადასხვა, ნომინატივისა და ვოკატივის ფორმით არის წარმოდგენილი.
ე ბოლოკიდურიანი სახელებს ბერძნულის ნომინატივში აქვთ ოს დაბოლოება, ვოკატივში – ე:
ისიდორე, პამფილეს თანა. დიოდორე, თეოდორეს თანა. სტეფანე, პეტრეს, ანტონინე, ანდრონიკე, თეოფანე, ნიკიფორე, ზაკქე, ფილიპე, თეოფილეს, ივლიანე.
ამ ჯგუფის ზოგიერთი სახელი ოს დაბოლოებითაც გვხვდება: მენანდროს, ნიკანდროს.
ასევე, ერთი და იგივე სახელი გვხვდება ორივე დაბოლოებით – ნომინატივისა და ვოკატივის ფორმით:
ალექსანდრე, მაგრამ, ალექსანდროს. ეს სახელი ძეგლში იოს დაბოლოებითაც დასტურდება: ალექსანდრიოს. ორივე დაბოლოება ერთდროულად: ალექსანდრეოს.
მარკელოს, მაგრამ მარკელლე, მარკელლ. კონდრატე, მაგრამ კონდრატოს, კოდრატი, მაქსიმეს თანა, მაგრამ მაქსიმეოს. გვხვდება მაქსიმოÁს ფორმაც ნათესაობითში: “მაქსიმოÁს თავსა სამსჭუალით. . . მახÂლი ეწამების.” [1,232ვ, კÀ]
კÂრიაკოს, ქალის სახელად ეს ფუძე ა დაბოლოებითაა: “კÂრიაკა სიძეს ესაკუთრა” [1, 234ვ, იდ]. ასევეა “ივლიანა”, “ალექსანდრა”: “ივლიანა და პავლე, ძმაÁ მისი . . . ულმობლად მიიწინეს” [1, 235ვ, იზ].
“ალექსანდრა ბრძენმან კლავდიას თანა იბჭისბინაეს” [1, 229რ, კ].
ი ბოლოკიდურიანი სახელები, რომლებსაც ბერძნულის ნომინატივში აქვთ იოს დაბოლოება, ვოკატივში ი:
ათანასი, პორფირი, ავქსენტი, პარმენი, ევგენი, ალექსი, ევტვიქიცა, აკაკი, გერონტი, მაკარი, არსენი, ევსტათის დიდსა და ტარასი.
იოს დაბოლოებიანია: ტროფიმიოს, ტერენტიოს.
ორნაირი დაბოლოებითაა: სოფრონი – სოფრონიოს, ანსტასი – ანასტასიოს, ბასილი- ბასილიოს, დომენტი – დომენტიოს.
ძეგლში ცოტაა სახელები, რომელთაც ბერძნულის ნომინატივში აქვთ ას დაბოლოება, ვოკატივში – ა: თომაითურთ, ანანიაÁთურთ, ანდრიას თანა, ლუკაისგან.
ჩვენ წარმოვადგინეთ მხოლოდ ნაწილი უცხოური წარმომავლობის საკუთარი სახელებისა, ზოგადი წარმოდგენის შესაქმნელად.
საკუთარი სახელი მარიამი მრავლობითის ფორმითაც გვხვდება: “იმოყუსეს შÂდთა განისა ფილიპპეს მარიამნი” [1, 226რ, იზ]. ასეთი შემთხვევები იშვიათად XI საუკუნიდან დასტურდება [სარჯველაძე 1995 : 321].
არის ე. წ. კოლექტიური მრავლობითის ფორმაც [შანიძე 1976 : 40]: “ევსევიეთნი ესრეთ განვლენ აქაით. . .” გვხვდება მხოლოდ ეთ სუფიქსიანიც: “რიცხუსა ორმოც ჰყოფს, მწყობრი ტერენტიეთი აფრიკიანოს, მაქსიმე და პომპიო” [1, 231 რ, ი].
3. რიცხვით სახელებს რაიმე განსაკუთერებული თავისებურება არა აქვთ. შევნიშნავთ მხოლოდ, რომ ერთი და იგივე რიცხვი ზოგჯერ სხვადასხვანაირად გადმოიცემა. “ორმოცდაორი” ერთ შემთხვევაში არის “ათოთხ და ორი”, მეორე შემთხვევაში “ოთხგზის ათი და ორი.”
“და ნახეთქებთა ათ ოთხ და ორ წელი მყოფი” [1, 224რ, ა].
სამოცდაათი არის “სამეოცნი და ათნი” და “ათსამეოცი”: “სამეოცთა და, ათთა თანადვისწავებთ. . “[1, 231 რ, ი]. “ათ სამეოცთა, თანა პეტრეს მოკარვე.” [232რ, კბ]. ორმოცი არის “ოთხათი”: “სხუათა ოთხ ათთა, თანა აღაკრავს სულსა” [1, 233რ, დ].
თხზულებაში ბევრია სხვა მეტყველების ნაწილთაგან ნაწარმოები ზმნა.
არსებით სახელთაგან:
კარავი: “ამათ მეზითვე ურიცხუთა სულთა, ღვთისა იკარვებს თანა” 
[1, 233რ, ე].
ჯუარი: “პარასკევსა, ვნებისასა აღჰჯუარავს” [1, 230ვ, ზ].
ტალანტი: “უტალანტებს არმფლველი ორსაცა” [1, 232ვ, კე].
ეტლი: “მონაზონებთა, და ერისკაცთა გუთეთს იეტლეს, ცეცხლი”[1, 229ვ, კე].
ზეზი: “ღაზელთა ებისკოპი კუართსა აზეზებს” [1, 225ვ, იდ].
ცისკარი: “ანტიოქიაÁთ, სÂმეონ გუÀცისკრების” [1, 235ვ, კდ].
საუნჯე: “ქალაქსა ასაუნჯებს” [1, 226რ, ივ].
მამა: “ამამებს ჩჩÂლთა” [1, 225 რ, ია].
ცა: “პაფნოტიცა, მონაზონი იცაებს.” [1, 231ვ, კ] “ორასთა მოწამეთა და დიაკონისა, როფიმის თანა ცაობს” [1, 230ვ, ზ].
იესო, ღმერთი: “ყრმასა აიესოებს, აღმრთობს.” [1, 224რ, ბ]
ცეცხლი: “ესევე ცეცხლავს” [1, 335რ, კ].
სძალი: “ქრისტინაცა, სპარსი ქრისტეს ესძლების” [1, 228ვ, იდ].
სუდარა: “გუამსა მისსა, თÂთცა ესუდარების” [1, 230ვ, ზ].
მეყუავილე: “მთის მწუÀრვალებთა, ღმრთისათა მეყუავილობს” [1, 230ვ, დ].
მეხი: “სიტყვათა ქოლვენ, მეხვენ.”
მიზდი: “კერატი ემიზდების” [1, 232ვ, კზ].
დღე: “ამასვე დღეობს” [1, 234ვ, ივ].
ნაყოფი: “ხმელ ხეთა ანაყოფებს.”
სახლი: “ქრისტეს ესახლნეს” [1, 233ვ, თ].
ცხვარი: “ქრისტესა ეცხვარნეს” [1, 224რ, დ].
კუამლი: “აღიკუამლვის ლამპრვილი”. [1, 232ვ, კე]
ზედსართავთაგან: უხვი: “ნიშთა აუხუებს” [1, 226ვ, კგ].
სრული: “მრავალთა სრულავს”. [1, 234რ, თ]
Ãმოვანი: “ქურციკი Ãმოვნობს, კაცობრივ ეჰა მსჯავრსა.” [1, 231 რ, იბ]
წმიდა: “ეწმიდებიან ღმერთსა” [1, 230რ, ლ].
საკუთარი: “ღმერთსა გაესაკუთრებიან” [1, 227რ, ბ].
ნაცვალსახელთაგან: “ჰრომთ პაპი ამასვეობს.” “აწ კუალად ჩემობს.” [1, 229რ, კდ]
მიმღეობათაგან: “მკუდრისა, აღმდგენი თრევით მკუდარობს.” [1, 227ვ, ვ]
მოწამე: “კალიოპს ამოწამებს ძესა.” [1, 230ვ, ზ]
მთმენი: “მთმენობს მუსმართა”. [1, 225 რ, À]
მკადრე: “არმკადრეობენ მოკლვად.” [1, 335რ, კ]
მშობელი: “ამისსა კლვასა ემშობლა.”
მოქადული: “ჯუარითა მოქადულობს.”
მეცნი: “წერით ამეცნებს.” [1, 335რ, კ]
წინამცნობი: “წინ მცნობობს, ყოფადთა.” [1, 234ვ, ივ]
ზმნიზედისაგან: მერმე: “სიკუდილიცა, იმერმა.” [1, 230რ, ლ]
4. არსენი “იამბიკონში” ხშირად იყენებს ზმნურ კომპოზიტებს. ბევრია ორი სიტყვის შეერთებით მიღებული ზმნა:
ღმერთი + სახლი:
“Ãრმლით მცვლელნი ღმრთის სახლობენ.” [1, 231ვ, იდ]
ღმერთი + წიაღი:
“ისაკ აღმსარებელი ესრეთ ქმნითა მართლად ღმრთისწიაღობს.”
ღმერთი + კარავი:
“პეტრე შემუსრვილი ღმრთისკარვობს.”
მადლი + მფენი:
“სიმონ, მაÃსენებელთა, მოციქლებრ მადლთ მფენობს.” [1, 232ვ, კÀ]
ნიში + მექმი:
“Ãამლგანწონილი მორბედებს და ნიშთმექმობს.”
ზეცა + გზა:
“ბასილი სილოვანე ზეცის გზაობენ”. [1, 224ვ, ვ]
პირველ კომპონენტად გვხვდება ხშირად ზე: “ვოკოლის აზედდღისებს.” [1, 224ვ, ვ]
“თეოდოსია, ქუენაÁთ ზეაღიკარვა.” [1, 225 რ, À] “მწირობით ზეამკვიდრებს.” 225ვ, 13.
კომპოზიტ ზმნებს თავსართებად აქვთ ა, უ, ი, ე პრეფიქსები (გვარის და ქცევის ნიშნები).
ა პრეფიქსიანები:
“ვლასის მÃეცთა მწყემსობაÁ ამღდელმოწამებს.” [1, 225 რ, ია]
“ცეცხლებრ წუავს სხუათა, ჩუენთა აოქროÁსფერებს.” [1, 230ვ, ვ]
“აიესოებს, აღმრთობს, აძუÀლებდღეთაებს.” [1, 224რ, ბ]
უ პრეფიქსიანი შედარებით იშვიათია:
“ესე ყოველთა, უმღდელ უსარწმუნოებს.” [1, 231 რ, ია]
“ცოფსა დასჯის, უწინმეტყუელებს.”
უფრო მეტია ი – თავსართიანი კომპოზიტი ზმნები:
“იცისსრბა მრჩობლთა, გÂრგÂნ საყდართა ხილვდ.” [1, 233რ, გ]
“ათანასი, კÂრიაკოს და, თეოდულე დედითურთ იღმრთისმკÂდრეს.” [1, 233რ, ბ]
“შÂდწელ თმენათა ძეგლსა და მაგალითად, ინათესავთზედაა”. [1, 233ვ, ვ]
“პაფოÁსა მწყემსმან, მაკარი იღთვისსახლა.” [1, 225 რ, À]
ასევე გვხვდება ფორმები: იქრისტესვანებს, ინათლთმთენა, იქრისტესეზოებენ, იჭვირნათლებს, იმშვიდქუეყანებს, იწმიდათმწყობრებს და ა. შ.
ე პრეფიქსიანი კომპოზიტი ზმნები სემდეგ წინადადებებში:
“ემერმისწილა, განწიაღებაÁ მათი.” [1, 335რ, იÀ]
“ეუხუად მზრუნველების აქაÁთ განმყრელი.” [1, 232ვ, კზ]
“ერთÃორცი ეერთსულა ყურგანშანთულსა.” [1, 233რ, გ]
გვხვდება სამკომპონენტიანი ზმნური კომპოზიტები:
“ივლიანა, ევფემია და ღირსმან თეოდოსია, იზეცისბჭისბინაეს.” [1, 229რ, კ]
“აერთსულამოყუსებენ ორთავე.” [1, 232რ, კდ]
“კრისკენტი ცეცხლი, იმზისეტლათსამეტა.” [1, 231 რ, იგ]
ფუძეგაორკეცებულ კომპოზიტების ტიპი ნაკლებად გვხვდება ძველი ქართული ენის ძეგლებში, ამგვარ კომპოზიტებს იოანე პეტრიწის ენაშიც იშვიათად ვხვდებით, ამის მაგალითია არსენის ნაწილში: “ფოტინოÁს თანა, ქრისტეს ეწამეწამნეს.” [1, 227ვ, დ]
5. მრავალფეროვანია მიმღეობათა ფორმები, გვხვდება სხვადასხვა მწარმოებელი თავსართი, ბოლოსართი, თავსართ-ბოლოსართი.
ა) მ: მსასოები, მცენად, მპოხი;
ბ) მა: მაარსმან;
ც) მე: მეკადრი, თვითმეძღვი;
დ) ულ: ბრძმედული, ცვული;
ე) ილ: ცეცხვილი, ხრმალვილნი, განლამპრვილი;
ფ) მ-ელ: მღუწელსა;
გ) მ-არ: მშთვარი;
6. განსაკუთრებით მრავლადაა სახელური კომპოზიტები, რომლებიც შედგენილია სხვადასხვა მეტყველების ნაწილებისგან:
არსებითი + არსებითი: ცისბჭე, კუერთხფიცართა, ცეცხლხრმალჯუარები
არსებითი + მიმღეობა: ტყავწარხდილი, ყბაშემუსრვილი, ქედკერძული, სამსალასუმული, ნიშთმექმი.
ზედსართავი + საწყისი: ხენეშტრფიალი.
არსებითი + ზედსართავი: პირუღამოი მნათობი.
ზედსართავი+მიმღეობა:სრულმქმნელთა.
სამეცნიერო ლიტერატურაში გამოთქმულია თვალსაზრისი, რომ XI ს-ის მეორე ნახევარში დაწყებული ელინიზაციის პროცესი დაკავშირებილია ეფრემ მცირესთან, იოანე პეტრიწთან და საერთოდ გელათურ სკოლასთან. Eეს პროცესი თავდაპირველად ნათარგმნ ლიტერატურაში იჩენს თავს, თუმცა შემდეგ გავლენას ახდენს ორიგინალურ ლიტერატურაზეც. ამის დასტურია “პროლოღიას” ჩვენს მიერ გაანალიზებული მხატვრული სახეები, გრამატიკული ფორმები, თუ ლექსიკური ერთეულები.
ამრიგად, ჩვენ შევეცადეთ წარმოგვეჩინა ერთი მეტად საინტერესო ძეგლის ვერსიფიკაციული, სტრუქტურული თუ სტილური თავისებურება, რაობა და მნიშვნელობა ტექსტისა, რომელზეც სამი დიდი ქართველი მოღვაწე მუშაობდა. 


















გამოყენებული ლიტერატურა
1. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის A - 85 ხელნაწერი.
2. ბეზარაშვილი ქ. 
2004. რიტორიკისა და თარგმანის თეორია და პრაქტიკა გრიგოლ ღვთისმეტყველის თხზულებათა ქართული თარგმანების მიხედვით, თბილისი: “მეცნიერება”.
3. ბერაძე პ. 
1943. ქართული იამბიკოს შესახებ. (“საქართველოს სსრ. მეცნიერებათა აკადემიის მოამბე”. ტ. IV, #6, თბილისი : 585-592).
4. იოანე ბატონიშვილი 
1936. კალმასობა, თბილისი: “სახელგამი”.
5. კეკელიძე კ.
1960. ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. I, თბ. 
6. კუკავა თ.
1978წ. იოანე პეტრიწის წიგნი “ათ-ორ თვისა პროლოღია”, თბილისი, საბჭ. საქართველო. 
7. მელიქიშვილი დ.
1975. იოანე პეტრიწის ფილოსოფიურ შრომათა ენა და სტილი, თბილისი: “განათლება”.
8. ნაკუდაშვილი ნ.
1996. ჰიმნოგრაფიული ტექსტის სტრუქტურა, თბილისი: “მეცნიერება”.
9. სარჯველაძე ზ. 
1995. ძველი ქართული ენის ლექსიკონი, თბილისი: უნივერსიტეტის გამომცემლობა. 
10. სილაგაძე ა.
1997. ძველი ქართული ლექსი და ქართული პოეზიის უძველესი საფეხურის პრობლემა., თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა.
11. სულავა ნ. 
2006. ქართული ჰიმნოგრაფია: ტრადიცია და პოეტიკა, თბილისი: “ზეკარი”.
12. ყაუხჩიშვილი ს. 
1956. ბერძნული მამაკაცთა სახელების გადმოცემისათვის ძველ ქართულში, კრებული: სახელის ბრუნების ისტორიისათვის ქართველურ ენებში.
13. შანიძე ა. 
1976. ძველი ქართული ენის გრამატიკა, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა.





Комментариев нет:

Отправить комментарий