вторник, 19 января 2010 г.

მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის საგალობლის რამდენიმე თეოლოგიური ასპექტისთვის


მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი უკავშირდება მაცხოვრისა და ედესის მთავრის, ავგაროზის სახელს. მაცხოვარმა თავისი ტილოზე სასწაულებრივად აღბეჭდილი ხატი გაუგზავნა ავგაროსს, სნეულებათაგან განსაკურნად. ხატი მრავალი თვალსაზრისით არის საინტერესო. თუნდაც იმიტომ, რომ ეს არის პირველი ნიმუში ხატისა და სწორედ აქედან იღებს ხატწერა სათავეს. ხატი არ არის უბრალო ნაწილი ხელოვნებისა, მას დიდი საღვთო მნიშვნელობა აქვს. ხატზე გამოსახულია ადამიანი, რომელიც წილნაყარია ღმერთთან და ამავდროს საუბრობს ადამიანურ ბუნებასთანაც. ხატი მიგვანიშნებს, მიგვმართავს უზენაესისკენ, პირველსახისკენ. 
მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის საგალობლები შეუქმნია არსენ ბულმაისიმისძეს - XIII საუკუნის ქართლის კათალიკოსს, რომლის შესახებ ცნობები და ჰიმნოგრაფიული მემკვიდრეობაც შემოუნახავს A-85 ხელნაწერს, გადაწერილს ტბელ აბუსერისძის მიერ 1233 წელს. საგალობელი ორი კანონისა და მცირე ფორმის რამოდენიმე საგალობლისაგან შედგება. კანონს აკლია მეორე გალობა “მოიხილესა”, სამაგიეროდ მას მეათე გალობად დართული აქვს “აქებდითსა”. რაც გვიანი პერიოდის ტრადიციაა. Gგალობას აქვს ძლისპირნი, რომელსაც თითქმის უმეტეს შემთხვევაში მიყვება საგალობელი, თუმცა არის გამონაკლისებიც. ჰიმნები გამოირჩევა საოცარი რიტმულობით, ზოგ ადგილებში რითმულობითაც, რაც მიიღწევა პოეტური ანაფორით, გამეორებებით. რაც ასევე ძლიერ ემოციურ დატვირთვას აძლევს მათ. სწორედ ეს საგალობლები ამკვიდრებს ანტონ მარტყოფელის, როგორც ხელთუქმნელი ხატის საქართველოში შემომტანის ტრადიციას. საინტერესოა, XIII საუკუნეში რატომ მიიქცია ქართული ეკლესიის საჭეთმპყრობლის და არამარტო მისი ყურადღება VI საუკუნეში ანტონის მიერ ხატის ჩამობრძანების ფაქტმა, რატომ გახდა ეს საკითხი აქტუალური შვიდი საუკუნის შემდეგ. 
_______________________________
მესიანისტური იდეა

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები ნაკლებად აისახება ხოლმე ჰიმნოგრაფიაში. ამ თემის წამოწევას სამეცნიერო ლიტერატურაში ხსნიან სწორედ ისტორიული პროცესების გათვალისწინებით.ეს არის XIII ს-ის პირველი ნახევარი, როცა საქართველო დგას უდიდესი საფრთხის წინაშე. იწყება ხვარაზმელ-მონღოლების შემოსევა. საჭირო ხდება მესიანისტური იდეის გაცოცხლება. გაცოცხლება, იმიტომ რომ მესიანისტური იდეა სათავეს ჯერ კიდევ იოანე საბანისძის “აბოს წამებაში” იღებს. “აჰა ესერა ქართლისაცა მკვიდრთა აქუს სარწმუნოებაი და წოდებულ არს დედად წმიდათა”. მას აგრძელებს გიორგი მერჩულე, რომელიც ქართველ მეფეებს დავით წინასწარმეტყველის შთამომავლად მიიჩნევს და მათ ქრისტესთან ანათესავებს, ხოლო კულმინაციაა იოანე ზოსიმეს “ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი.”ეს იდეა კიდევ უფრო აქტუალური ხდება საქართველოს ერთიან და ძლიერ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების პირობებში. ხოლო, მაშინ, როცა ქვეყანა დადგა უდიდესი საფრთხის წინაში, როცა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება საქართველოს გამორჩეულობის საკითხი საჭირო გახდა ამ იდეის გაცოცხლება და ახალი იდეის შემოტანაც. ეს ახალი იდეა კი არის ხელთუქმნელი ხატის საქართველოში შემობრძანების იდეა, რაც უზარმაზარი მადლია. ეს მადლი ერგო კონსტანტინეოპოლს და საქართველოს, აქაც ჩანს პრეტენზია იმისა, რომ საქართველო დგას წმინდა ქალაქის გვერდით და “არასადა უმრწამეს გყო შენ ქრისტემან, არამედ მოგცა ხატი თვისი”. “ღვთივ ქმნული ხატი ყოვლად წმიდაი, და ისრაელსა ამას ახალსა დაუუნჯე, ქართველთასა ერსა საზეპუროსა.” “არასადა უმრწემეს ხარ ქალაქთა შორის ახლისა ისრაელისათა”. აქ ისრაელად იგულისხმება არა კონკრეტული ქვეყანა, არამედ ზოგადად ქრისტიანული სამყარო. საქართველო ქრისტიანულ სამყაროში თავისი სიწმინდით, ძლიერებით არავის ჩამოუვარდება, თვით ქრისტიანობის მექად აღიარებულ კონსტანტინეოპოლსაც კი, რადგან “ქალაქთა მზემან ტილოი, ხოლო ქართლმან კეცი დაიმკვიდრა სიმდიდრედ საცხოვრებელად”. ამ იდეას, ერთის მხრივ, დაესესხა ბიბლიას, სადაც საუბარია ებრაელი ხალხის გამორჩეულობაზე, მეორეს მხრივ კი, ხელი შეუწყო უკვე არსებულმა ტრადიციამ, ქრისტეს კვართის მცხეთაში დაკრძალვამ, საქართველოს ღვთისმშობლის წილხვდომილობამ და ა.შ. ხელთუქმნელი ხატის შემობრძანებას საქართველოში ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ავტორი ამ ფაქტს ადარებს მაცხოვრის შებრძანებას იერუსალიმში და აღნიშნავს, რომ ამ მადლის დამკვიდრებით ქართლმა დაიმკვიდრა მადლი მაცხოვრისა: “აჰა მეუფე შენი, რომელიცა კიცუსა ზედა წმიდად ქალაქად მჯდომარე იხილეს ერმან და ადიდეს. აჰა, აწ კუალად უცვალებელად მითვე ხატითა დღეს შემოვალს შენდა მშვიდი მოწყალე ედესიით ანტონისგან”, “სიხარულით განსცხრებოდეთ, ვითარცა პირველად იერუსალემდ შესვლასა, ქრისტესს მეუფისასა. ოსანას უღაღადებდეთ უხრწნელისა ხატისა მისისა ჩუენდა შემოსვლასა”. 
_______________
ანტიხატთმებრძოლური პოლემიკა

VII საუკუნეში თავი იჩინა ხატმებრძოლეობის აქტიურმა ერესმა და თითქმის ასი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა გააფთრებული ბრძოლა ხატების წინააღმდეგ. ხატების თაყვანისცემის დასაცავად იწერებოდა მრავალი შრომა, მათგან აღსანიშნავია იოანე დამასკელის “სიტყუაი წმინდათა ხატთათვის” და “სიტყუაი სიტყვისაგებელი მათი, რომელნი გმობენ წმიდათა ხატთა” და “გარდამოცემის” ერთი თავი “ხატთათვის”. ამ მხრივ ასევე ღირებულია თეოდორე სტუდიელის შრომები. ხატთაყვანისმცემლობა საბოლოოდ აღიარეს ნიკეის VII საეკლესიო კრებაზე. კრების მიერ მიღებული დოგმატის ძირითადი სათქმელი იმაში მდგომარეობდა, რომ პატივისცემა ხატისა გადადის მის პირველ სახეზე. იოანე დამასკელის თანახმად, “რამეთუ რაისათვის თაყვანის ვცემთ ურთიერთას, არათუ ვითარცა ხატად ღმრთისად შექმნილნი”. მაშასადამე, როდესაც ადამიანი ღვთის ხატისაებრ შექმნილ ადამიანს თაყვანს სცემს ეს პატივი ღმერთზე გადადის. იგივე თვალსაზრისია გატარებული რუის-ურბნისის საეკლესიო კრების ძეგლისწერაშიც: “ცხად არს, ვითარმედ თაყუანისმცემელი ხატისა ღვთისაი ღმერთსა თაყვანის ცემს, მის მიერ მაგინებელიცა სადმე ხატისა ღმრთისაი ღმერთსა აგინებს უეჭველად”. პატივი მიმართულია არა ნივთისაკენ, არამედ ზედ გამოსახულისკენ. იოანე დამასკელი ასახელებს მიზეზს თუ რატომ იხსენიება ძველ აღთქმაში ხატები: ”უხილავისა და უსხეულოისა და გარეშეუწერელისა და დაუსახველისა ღმრთისა ვინ შემძლებელი არს ქმნად მსგავსებისა?” მხოლოდ მას შემდეგ რაც ღმერთი ”ჭეშმარიტებით კაც-იქმნა ცხოვრებისათვის ჩუენისა”, განცხადდა იგი და გუეჩვენა არა როგორც აბრაჰამს, ან წინასწარმეტყველებს, არამედ “არსებით განკაცნა ჭეშმარიტად ვიდოდა ქუეყანასა ზედა და კაცთა შორის იქცეოდა”, მხოლოდ მას შემდეგ იქნა შესაძლებელი მისი გამოხატვა თვითმხილველთაგან”. იოანე დამასკელი ამავე თავში გადმოგვცემს თქმულებას ხელთუქმნელი ხატის შესახებ, რომელიც ქრისტეს ხატის პირველსახედ ქცეულა. ეს მწვავე პოლემიკა ხატმებრძოლეობის წინააღმდეგ აქტუალობას ინარჩუნებს XIII საუკუნეშიც. არსენ ბულმაისიმისძე წერს: ”ეგრეთვე თაყუანს ვცემთ ყოვლად წმიდასა ხატსა მისსა, არა ღმრთად აღვიარებთ, არამედ ღვთისა და კაცისა – ქრისტეს ხატად”, “რომელსაცა თაყუანის ვცემთ ღმრთისა კაც ქმნილისა ხატად, და ყოველთა მგმობართა მისთა შევაჩუენებთ და განვაქიქებთ”, “ქრისტეს ღმრთისა ხორცად თაყუანის ვცემთ და ეგრეთვე ხატსა ამას”, ეს პოლემიკა საბოლოოდ ხატმებრძოლთა შეჩვენებამდე მიდის: “აექვიან სასასა ენაი, რომელნი შენ არა თაყუანის გცემენ, ღვთივბრწყინვალეო ხატო ქრისტეს მეუფისაო”, “მას გამოვხატავ და ვჰმონებ, თაყუანისვცემ და აღვიარებ ხორცშესხმულისა ღვთისა ხატად”, “რომელმან შეურაცხყოს ხატი ქრისტესი, თვით მას შეურაცხ-ყოფს”; “დაჰბეჭდა ტილოსა ზედა საღმრთოისა… პირისა თვისისა ტვიფარი, რომელი ექმნა მას მრჩობლ იესუდ”, იმოწმებს იოანე ოქროპირის თვალსაზრისს ხატთა თაყვანისცემის შესახებ: “იოვანემან, ოქროს სეხნამან (ოქროპირი)… ქადაგა ქრისტეს ხატისა მსახურებაი თაყუანის ცემით, რამეთუ თვით მის ღმრთისად აღიწევის”, “არათუ ფიცარსა ზედა გამოსახულსა ფერსა ღმრთად ვირწმუნებთ, არამედ ხატსა, რომლისაი იყოს სახელი, მისდამი აღვავლენთ პატივისცემასა”, ასევე მოყავს გრიგოლ ღვთისმეტყველის შეხედულებები იმის შესახებ, რომ ხატებთან უცრემლოდ არავინ მივიდესო. ასე აისახა ეკლესიის მამების ნააზრევი არსენის საგალობელში. კულმინაცია ანტიხატმებრძოლური პოლემიკისა არის წყევლა, რომელსაც უთვლის ის ამ ერესის გამავრცელებელთ, მსგავსად იოანე დამასკელისა. “მეხდატეხით დაიწვი კონსტანტინე, სახელით ხენეში და ბილწი, ბანაკითურთ”. აი, რას ვკითხულობთ შესაბამისად “გარდამოცემაში”: “ლეონ ისავრი და კოსტანტინე სკორიანი, ლეონ სომეხი და ყოველნი მტერნი წმიდათა ხატთანი შეჩუენებულმცა არიან. ანასტასი და კოსტანტინე და ნიკიტა, რომელთა წვალებით დაიპყრეს საყდარი კოსტანტინეპოლისაჲ და წინამძღუარ წვალებისა იქმნნეს და წარწყმედისა, შეჩუენებულმცა არიან.”
______________________
ანტინესტორიანული პოლემიკა

არსენი თავის საგალობელში აღნიშნავს რა, ანტონ მარტმყოფელის მიერ საქართველოში ხელთუქმნელი ხატის ჩამობრძანების ფაქტს. ის კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ამ ფაქტს, გამომდინარე იქიდან, რომ ანტონმა ხატი იხსნა მწვალებელი ნესტორიანელებისგან. “და ღვთისმბრძოლთა საძაგელთა მწვალებელთაგან ანტონი საკვირველმან დაგვიუნჯა, გოდლად საძლეველად მტერთა”, “სიტყუაი ღვთისაი, რაი ქალწულებრივთა სისხლთაგან მაცხოარებდიეს, დედად ღმრთისად ვცნობთ მშობელსა”. აქ უფრო მეტი კონკრეტიზაცია გვაქვს. აღნიშნული ადგილებიც კონკრეტული თეოლოგიური შინაარსით არის დატვირთული, საქმე ისაა, რომ იოანე დამასკელის ჰომილიების თანახმად ღვთისმშობლის სახელი შეიცავს ხორცქმნის მთელ საიდუმლოს. “ჭეშმარიტად და სამართლად ღმრთისმშობელად სახელ-ვსდებით წმიდასა მარიამს” - გვიხსნის იოანე დამასკელი, რამეთუ ესე სახელი სრულ-ჰყოფს ყოველთა საიდუმლოსა განგებელებისათა, რამეთუ უკუეთუ ღვთისმშობელ არს მშობელი უეჭუელად, ღმერთ არს მისგან შობილი უეჭუელად და კაცცა, რამეთუ ვითარმცა დედაკაცისაგან შობილსა ღმერთსა აქუნდა პირველ საუკუნეთა მყოფობაი, არა თუმცა კაცად გამოჩინებულ იყო, რამეთუ ძე კაცისაი უეჭუელად კაც არს. ხოლო უკუეთუ დედაკაცისაგან შობილი იგი ღმერთ არს, ცხად არს, ვითარმედ ერთი არს ღმრთისა და მამისაგან შობილი იგი საღმრთოისაებრ და დაუსაბამოისა არსებისა და უკუანაისკნელთა ჯამთასა ქალწულისაგან შობილი დაწყებულებისაებრ და ჟამიერისა არსებისა ესე იგი არს კაცობრივისა, რამეთუ ერთსა გუამსა და ორთა ბუნებათა და ორთა შობათა ღმრთის ჩუენისა იესუ ქრისტესცა დაჰნიშნავს ესე”. აქედან გამომდინარე თუკი მარიამს ღვთისმშობელს ვუწოდებთ, უნდა დავადასტუროთ, რომ მან შვა ღმერთი და ამავ დროს ადამიანი, რადგან ღმერთის შობა გარდაუქმნელად შეუძლებელია. იოანე დამასკელი აქვე წარმოადგენს ნესტორიანელთა მწვალებლურ შეხედულებას აღნიშნულ საკითხზე. Kკონსტანტინეოპოლელი პატრიარქი ნესტორი და მისი მიმდევრები წმინდა ქალწულს მარიამს ღვთისმშობლად არ მიიჩნევდნენ. მათი შეხედულებით, ქალწულმა შვა არა ღმერთი არამედ ადამიანი, რომელსაც შემდეგ დედისგან დამოუკიდებლად შეერწყა ღვთის სიტყვა. ნესტორი მოითხოვდა მარიამისთვის ეწოდებინათ არა ღვთისმშობელი, არამედ “ადამიანისმშობელი”, რამაც დიდი აღშფოთება გამოიწვია ქრისტიანულ სამყაროში. ბოლოს ნესტორმა შეარბილა თავისი თვალსაზრისი და მარიამს უწოდა “ქრისტესმშობელი”. ნესტორიანელთა ერესი ეფესოს საეკლესიო კრებამ დაგმო. 
______________________
ანტიმონოფიზიტური პოლემიკა

ქრისტე არის სრული ღმერთი და სრული კაცი, მასში ეს ორი ბუნება ერთნაირად ძლიერად არის წარმოდგენილი. ის არის “ღმერთი განხორციელებული”. სწორედ ქრისტეს ამ ორ ბუნებასთან დაკავშირებით გაემიჯნა ერთმანეთს VII საუკუნეში ქართული და სომხური ეკლესიები. სომხური ეკლესია აღიარებდა ღმერთის მხოლოდ ერთ, ღთაებრივ ბუნებას. ეს პოლემიკა, როგორც ჩანს, აქტუალობას არ კარგავს არც XII – XIII საუკუნეებში. “ყველა წვალებათაგან – წერს კ. კეკელიძე – რომელთა კვალი დარჩენილა ქართულ პოლემიკურ მწერლობაში, ჩვენს წინაპრებს ამოძრავებდა უფრო მონოფიზიტობა და მისი ფრაქციები, განსაკუთრებით კი სომეხთა ანტიქალკედონიტობა”, ეს კვალი ძლიერია არამარტო პოლემიკურ წერილებში, არამედ ჰიმნოგრაფიაშიც. ანტიმონოფიზიზიტურ პოლემიკას ჩვენ ვხვდებით დავით აღმაშენებელთან, არსენ ბულმაისიმისძესთან და სხვებთანაც. არსენთან ძალიან ხშირია მითითება იმაზე, რომ ქრისტე არის სრული ღმერთი და სრული კაცი, რაც გადადის ანტიმონოფიზიტურ პოლემიკაში. “პირველ ქალწულმა გვიშვა ღმერთი და კაცი ხორცითა მიუწვდომელად”, “ვიხილეთ ორთა შინა ბუნებათა” (ქრისტე. ი.მ), “არა ღმერთად თაყუანის ვცემთ, არამედ ღმრთისა კაცქმნილისა განღმრთობილთა მათ ხორცთა”, “ესე აწ არს ღმერთი ჩუენი, რომელი კაცთა შორის იქცეოდა ვითარცა კაცი და ამაღლდა ზეცად, ვითარცა ღმერთი”, “ბუნებით სრულმან ღმერთმან და ბუნებით სრულმან კაცმან”, არსენიც წყევლას უგზავნის მათ, ვისაც ეჭვი შეაქვს ქრისტეს ორ ბუნებაში: “დაიყავნ პირი მათი, რომელნი არა აღგიარებენ პირმშოისა მის ღმრთივშუენიერსა ხორცმოსილებისა თანა შეერთებულსა”, “რომელსაცა აღვიარებთ ღმრთისა კაცქმნილისა ხატად”, ე.ი როგორც ნიკეა – კონსტანტინეოპოლის სიმბოლომ გადაწყვიტა, ქრისტეს მოსვლა არის არა ხორცშესხმა, არამედ განკაცება, ამასვე იმეორებს არსენიც. “კაც იქმნა ღმერთი არა საოცრად და ღმერთ-ყო სხეული არა ლიტონად, ამისთვისცა ღმერთკაცად აღვიარებთ ორთავე სრულებით დამცველსა”, “ღმრთეებაი არაოდეს სადა განეშორა ხორცთა მათ ღვთივგუამოვანთა”.
___________________________
არსით ახალი

ხელთუქმნელი ხატის შემობრძანება საქართველოს “ახალ ერად” “ახალ ისრაელად”, “საზეპურო ერად” აქცევს. ავტორი ტერმინ “ახალს” მრავალ კონტექსტში მოუხმობს. ვნახოთ როგორ იყენებს ბულმაისიმისძე მას და როგორ არის ის გაგებული. “დავით ახალო ქართველთა მეუფეო”- მიმართავს დავით წინასწარმეტყველს. “ძველთა აჩრდილთა წილ ახალთა შინა დახატვად Qქრისტეს განგებულებისა გვიბრძანებს ფერთ მოქმედებით”, ”და აქა ახალი ერი მსგავსად ყრმათა მათ უმანკოთა უძნობს...” “ქართველთა სამეუფოო, არასადა უმრწემეს ხარ ქალაქთა შორის ახლისა ისრაელისათა”, “ახალსა ძღუენსა ახალი ერი, არსთა არსქმნისა მიზეზო სიტყუაო, შემწირველი შენდა შენ მიერ ხსნილი ბოროტთაგან..”, “ახალო ბუნებაო. ღმრთის მხილველო, იხარებდი!”, “ხატითა მითვე უცილობელი ახლისა მის ერისა წყალობად”. ”ღვთივქმნული ხატი, ყოვლად წმინდაი, და ისრაელსა ამას ახალსა დაუუნჯე”. სიტყვა - ახალი ჩვეულებრივ მნიშვნელობასთან ერთად “ახალ აღთქმაში” გულისხმობს მარადგანახლებადსაც. საიდუმლო სერობაზე ქრისტე მოწაფეთ ეუბნება: “ესე არს სისხლი ჩემი ახლისა აღთქუმისაი”. (მთ. 26,28) პავლეს ეპისტოლეში წერია: “აჰა, ესერა იქმნა ყოველივე ახალ”, (II კორინთ 5,17.) მარადგანახლებადობის მოლოდინი ჩანს წმ. პეტრეს II ეპისტოლეში: “ახალთა ცასა და ახალთა ქუეყანასა მსგავსად აღქუმისა მისისა მოველითო” (3.13) ქრისტიანობა არის ახალი ცხოვრება, “ახალი გალობა”, რომელიც ავგუსტინეს თანახმად მოწოდებულია აღადგინოს ცოდვით დაცემის შედეგად დარღვეული ჰარმონია სამყაროსი. “ახალი გალობა” თავად სიყვარულია. თუ ტერმინ “ახალის” ახსნისას ბიბლიით ვიხელმძღვანელებთ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბერძნულ ენაში “ახლის” იდეა ორი ტერმინით გამოიხატება: არის დროში ახალი, ახალგაზრდა და არსით ახალი, აქედან გამომდინარე, საუკეთესოც თვისებრივად ბიბლიაში ორივე ცნება მოხმობილია ისეთ რეალობებთან, რომლებიც უკავშირდება ხსნას, გახაზავს მის ახლახან დამკვიდრებას. არსით ახალი ბევრად უფრო ხშირად დასტურდება ბიბლიაში და ახასიათებს სრულიად ახალ, საოცარ, ღვთაებრივ მოვლენებს. ცოდვით დაცემული ადამიანი მიისწრაფვის მიეახლოს პირველსახეს. აღადგინოს ხატი ღვთისა ნიმუშთ - ნიმუშად ამ გზაზე მას აქვს ჯვარცმის მისტერია, ხორციელდება ახალი ხატყოფა, მონანულში ქრისტეს დაბადება. და იქმნება ახალი ადამიანი, რომელიც მეორედ იშვა მეორე ადამისაგან, მეორე ადამი ქრისტეა. სინანულის გზაზე კვდება “ძველი და იბადება ახალი ადამიანი”. ყველა ზემოთ დასახელებულ მაგალითში არსენ ბულმაისიმისძე არსით ახალს გულისხმობს. ქრისტეს მოსვლის შემდეგ იქმნება ახალი რეალობა, ახალი ისრაელი, ანუ საქრისტიანო და ამ საქრისტიანოში ახალი ერი, საქართველო. ასევე განახლება, სულიერი გარდაქმნა უკავშირდება მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის შემობრძანებას ქართლში, რადგან ეს არის ახალი საოცარი ღვთაებრივი მოვლენა. “ახალი ძღუენი”, როგორც მას უწოდებს არსენი.ბიბლიური დავითიც იწოდება არსენთან ახალ ადამიანად. დავითი წვდება ღვთაებრივი კანონის არსს და მისი აღსრულება საკუთარი ნების სფეროში შემოაქვს. იგი ის ადამიანია, რომელშიც იწყება პიროვნების გამოკვეთისა და თვითშემეცნების გზა, ამიტომ არის იგი ახალი ადამიანი.
______________________________
ხატი - სიმბოლო პირველსახის

არსენს საკმაოდ ხშირად მოაქვს ბიბლიური შედარება, მოსეს მიერ თაბორის მთაზე ღმერთის ხილვას ადარებს მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის და შესაბამისად ქრისტეს ხილვას. “ვითარცა მოსე იდიდე ღვთისა მიერ, რამეთუ რომელი მან იხილა უცვალებელი სახე, ხატი და ბრწყინვალებაი მამისაი, ღმერთი და კაცი-ქრისტე ხილული თვით პირმშოითა ხატითა, ვითარ უწყის, და ღმრთეებისა დიდებითა გამოგეცხადა შენ, ანტონი”. “რამეთუ წმინდაი ხატი ქრისტეს ღმრთისაი შეიწყნარა, რომლითა თაბორს ეჩუენა მოწაფეთა ღმრთეებისა დიდებითა განბრწყინებული”, “მოვედით ვიხილოთ წმიდაი ხატი მისი, რომელი მოწაფეთა თაბორს ზედა ღმრთეებისა დიდებითა იხილეს.” “თაბორსა ეჩუენა ბუნებითითა მით ნათლითა მოწაფეთა”. მამა-ღმერთი უხილავია და მასზე საუბარს ერიდებიან. ძველი აღთქმიდან ღვთის ხილვა მოსემ სცადა თაბორის მთაზე და იხილა იგი ცეცხლოვანი მაყვლოვანის სახით. ეს არის ერთ ერთი სახე – სიმბოლო ღმერთისა. რა თქმა უნდა ის რაც ტრანსცენდენტურია კოსმოსის მიმართ ვერც ერთ ხატში, სახეში ვერ მოთავსდება სრულყოფილად. “ბუნებაი ღმრთეებისაი უხილავი, ყოვლად მიუწვდომელ არს”, ან კიდევ, “ხატი ღმრთეებისაი კაცთა ბუნებისაგან უხილავ არს და მიუწვდომელ”- ამბობს არსენიც. ან კიდევ, “ზეშთა ცნობისა უცხოი და გონებითაცა ყოვლად მიუწვდომელი, დიდი ესე გამოუთქმელი ღვთისა განგებულებაი”. პავლე მოციქული ამბობს: “ვინ ცან გონებაი უფლისაი”? ერთადერთი და უპირველესი ხატი, რომელშიც მამა გამოვლინდა სრულიად, არის იესო ქრისტე. უფლის გაცხადება ძეში, კაცად მოსვლა იქითკენაა მიმართული, რომ ადამიანმა შეიძლოს განღმრთობა. ჩვენი სულისმიერი ზეაღსვლა უფლისაკენ, რომელიც თავისთავად შეუცნობელია, შეუძლებელი იქნებოდა, მისგან შექმნილი და ჩვენგან შემეცნებადი სამყარო ნაწილობრივ და უფრო დაბალ დონეზე, რომ არ არეკლავდეს შემოქმედს. არსენიც მოსეს მიერ მამა ღმერთის ხილვას ადარებს მაცხოვრის, (როგორც ხატის , რომელშიც გამოვლინდა მამა ღმერთი) ხელთუქმნელი ხატის ხილვას. 
_______________________________________
სიტყვა-ლოგოსი 

არსენს ბიბლიაზე და წმინდა მამათა მოძღვრებებზე დაყრდნობით აქვს გადაჭრილი ქრისტეს შობის, ადამიანის ცოდვისაგან განთავისუფლებისა და განღმრთობის შესაძლებლობის საკითხები. იესოს მოვლინება არის ღვთაებრივი ლოგოსის განხორციელება. Yყველაფერ ამის სათავეა ევანგელური მოძღვრება სიტყვაზე ანუ ლოგოსზე: “პირველითგან იყო სიტყუა და სიტყუა იგი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყუაი იგი” სიტყვა აქ არ ნიშნავს ლექსიკურ ერთეულს, იგი გულისხმობს თქმას, იმ აზრით, რაც შესაქმეთა წიგნშია: “თქუა ღმერთმან: იქმენინ ნათელი”. ნათელი იქმნა ღვთის სიტყვით, ანუ ლოგოსით. Lლოგოსი არის ძე-ღმერთი, ქრისტე. წმინდა იოანეს სახარება იწყება სიტყვა – ლოგოსით. ასეთი დაწყება მიანიშნებს, რომ წინა სამ სახარებაში ქრისტეს შობა გულისხმობს მის განკაცებას, ხოლო თავისი არსით ის მარადიულად არსებობდა (პირველითგან იყო). სიტყვა – ლოგოსი საზრისია ცხოვრებისა. სიტყვა – ლოგოსი გამაერთიანებელია სოფლისა და ზესთასოფლისა. ასევე აქვს გააზრებული ლოგოსის რაობა არსენ ბულმაისიმისძეს: “ნათელი ნათლისაგან მოვლინებული, სიტყუაი განკაცებული.”, “ვითარცა დაფარულ იყავ ხორცთა შინა სიტყვაო ღვთისაო”, “ქალწულისაგან სიტყუაი თვით გუამქმნად ხორცთა”, “მიიღო რაი კაცებაი სიტყუამან მამისამან”, იესოს ხორცშესხმა გაიგება არა როგორც ერთეული ფაქტი, შემოფარგლული მაცხოვრის პიროვნებით, არამედ ვითარცა დაახლოება ორი ბუნებისა, აღდგინება ღმერთსა და კაცს შორის დარღვეული მთლიანობისა. ამაზე მსჯელობს იოანე დამასკელი: “ესრეთ უკუე სხუაი ვიდრემე არს შეერთებაი და სხუაი განხორციელება, რამეთუ შეერთებაი უკუე მხოლოსა შეყოფასა ოდენ ცხად-ყოფს, ხოლო თუ რაისა მიმართ იქმნა შეყოფაი, არასადა! ხოლო განხორციელებაი, რომელ არს განკაცებაი, ხორცთა მიმართ, ესე იგი არს, კაცისა მიმართ შეყოფასა ცხადყოფს ვითარ იგი განცეცხლებაი ცეცხლისა მიმართ შეერთებასა”. “განხორციელებაი უკუე შეერთებაი არს ხორცთაი, ხოლო ხორცქმნაი-სიტყვისაი ვითარმედ თვით იგი გუამი სიტყვისაი უქცეველად გუამ – ექმნა ხორცთა და ვითარმედ ღმერთმან ვიდრემე კაც იქმნ და კაცი ღმერთ ქადაგებულ არს, რამეთუ ღმერთ – სიტყუაი კაც იქმნა უცვალებელად”. პავლე მოციქული ქრისტეს შესახებ ამბობს: “მას შინა დამკვიდრებულ არს ყოველივე სავსებაი ღმრთეებისაი ხორციელად”, (კოლასელთა 2.9) მთელი სისავსე ღვთაებრივი ბუნებისა, გონებით მიუწვდომელი არსი ლოგოსისა, ამ განმარტების მიხედვით სრულიად ეტევა სხეულში ადამიანისა. 
___________________________________________
ჯვარცმა – ტრაგიკული სიყვარულის ფორმა

ღმერთმა შეისხა ხორცი, განკაცდა და მოევლინა ქვეყანას, საინტერესოა რა პრაქტიკული თვალსაზრისი ამოძრავებდა ღმერთს? პასუხი ერთი შეიძლება იყოს -სიყვარული. მხოლოდ კაცის სიყვარულის გამო, იქმნა უფალი ადამიანად და არა ანგელოზად იმეორებს ბერდიაევი იოანე დამასკელის აზრს და უმატებს: ღმერთი ყველა არსებისათვის ღმერთია, შემოქმედია. მაგრამ მხოლოდ ადამიანისთვისაა იგი მამა ან სურს ასეთად მოგვევლინოს და ამ სიყვარულის უდიდესი გამოვლინებაა საკუთარი ძის მოვლინება კაცთა ხსნისათვის. გოლგოთა იქცევა ყველაზე ამაღლებული სიყვარულის დემოსნსტრაციის ადგილად, ხოლო ჯვარცმა ყველაზე ტრაგიკული სიყვარულის ფორმად. ღმერთია თავად სიყვარული. ადამიანი დაეცა. ამის მიზეზი იყო თავისუფალი ნების არასწორი გამოყენება. დაეცა და დაკარგა სამოთხე. ადამიანი არ იყო მზად შესამეცნებლად, ამიტომაც ჰქონდა აკრძალული ცნობადის ხის ნაყოფი. ის შეუგნებლად მიჰყვებოდა უზენაესის ნებას და პირველსახეთა ხილვით ნეტარებდა , მაგრამ ადამიანში ჩნდება თვითშემეცნების იმპულსი. ადამიანი დაუკავშირდა მატერიალურ სამყაროს და დაემორჩილა ხრწნის პროცესს. “პირველცოდვამდე არა იყო ცთომაი” შენიშნავს გრ. ნოსელი. Dდა ამას დაუკავშირდა ადამიანის გამრავლების “პირუტყვული წესიც”. ადამიანის შეგნებაში პირველცოდნის შედეგად დაიკარგა კავშირი ზესთა სოფელთან, დამბადებელთან. ეს იყო ადამიანის თავისუფალი ნების, ნებელობის დემონსტრირება. Aამიტომ ხორცი სიტყვა შეისხამს ადამიანურ ნებას. ადამიანური ნებელობით გადაილახება ყველა დაპირისპირება შექმნილ და შეუქმნელ ბუნებათა. მიიღწევა ის, რის პოტენციალი იყო პირველი ადამიანის ნებელობაში, მაგრამ რაიც ვერ იქნა რეალიზებული. მოდის “ახალი ქრისტე”, რომელიც ნებსით ირგუნებს ტანჯვას და სიკვდილს, ნებსით აირჩევს გზას გოლგოთისკენ, იმისთვის, რომ გაკვალულიყო რეალური გზა უკვდავებისაკენ, იმისათვის, რომ ადამიანს დაებრუნებინა ერთ დროს თავისი ნებით დაკარგული სამოთხე. ადამიანს მისცემოდა შანსი განღვთობისა, თეოზისისა, რაც არის მიზანი ადამიანის არსებობისა. ქრისტემ ადამიანს მიზანი დაუბრუნა. მაგრამ გზა კაცობიდან ღმერთობისკენ ტანჯვით მიიკვალება. მან ეს გზა საკუთარი ნებით ირგუნა, არც ღმერთი გადასულა ადამიანის ნებას, როცა მან გადაწყვიტა თავისი ძის მოვლინება კაცად. “ყველაფერი, რასაც ელოდა ღმერთი დაცემული კაცობრიობისგან – ამბობს ვ.ლოსკი, განხორციელდა მარიამში. პიროვნულმა თავისუფლებამ ბოლოსდაბოლოს თავისი ადამიანური ბუნების, თავისი განხორციელების კარი გააღო ხსნის აუცილებელი საქმისათვის. უწმინდესი სამების მეორე წევრი შეძლებს შეაბიჯოს ისტორიაში არა ძლევამოსილი შეჭრის სახით, ვინაიდან მაშინ ადამიანი მხოლოდ იარაღი იქნებოდა”. თავმდაბლობის საოცარი მაგალითია. შემქმნელი თავისივე შექმნილისგან გამოითხოვს საკუთარი თავის ადამიანური ბუნებისას. რასაც ადამიანის მხრიდან დასტური მოყვება საკუთარი ნებით მიღებული. ამას ერთვის მაცხოვრის საკუთარი ნებით არჩეული გზა ტანჯვისა, გოლგოთისა. ეს ყველაფერი საკმაოდ ფართო ნაკადად იჭრება არსენის საგალობლებში: “ედემს შინა დადგინებულმან უხრწნელად, განვხრწენ მოცემული ჩემდა, ხოლო შენ თვისსა მპყრობელმან უცვალებელად მონისა მორფი შთაიცვი და კუალად უხრწნელ მყავ”. “ხსნილნი მის მიერ სისხლითა მისითა, საყუარელი რაი ზე მამამან ლხინებად ჩუენდა მოავლინა” - ქრისტე მოევლინა ამ ქვეყანას რაითა მეცა ღმერთ-მყოს”, ქრისტეს მიმართავს “რომელი ჩემთვის თავს იდევ და კაცებაი არა უღირს იჩინე, ხატსა ჩემსა მიმღებმან განაღმრთე იგი”. “ხორცნი რაი ჩემნი უხრწნელ ყვნა თვით ღმერთმან ჩემმან იესუ ქრისტე და ზეშთა ბუნებისა განაღმრთვნა”, “თბე რაი ჩუენი შენგან მიიღო ღმერთმან ჩემმან”, “რომელი ჯუარსა ამაღლდა ნეფსით განზრახვითა ღმერთი და კაცი ჩემთვის და ვნებაი თავს-იდვა ჩემთა ძუელთა ვნებათა განკურნებად”, “და თანა აღმიყუანა და დამსუა მარჯუენით მამულთა საყდართა”. 
__________________________________________-
ხელოვნება, როგორ ესთეტიკური აქტი, ღმერთკაცობრივი შემოქმედება

ფლობერი ამბობდა: “მე მსურს, რომ იესო ქრისტე არსებობდეს ნამდვილად და დარწმუნებული ვარ, რომ არსებობდა, ვინაიდან, ჩემი აზრით, უფლისეულ ვნებათა საიდუმლო ყველაზე მშვენიერია რაც კი რამ არსებობს ქვეყანაზე” გაუნელებელი წყურვილი სულისა მიგვასწრაფებს ყველაზე მშვენიერისაკენ, ქრისტესაკენ, რომლისგანაც მოდის ყველაზე დიდი სილამაზე. ამ აზრს აგრძელებს პავლე ფლორენსკი და ამბობს: “არსებობს რუბლიოვის სამება, ე. ი. არსებობს ღმერთი”. Qქმნილება ხელოვნებისა არის გამოცხადება და წვდომა. Mმწერალი მედიუმია, რომლის ფაქიზ სმენას წვდება ღვთაებრივი სიტყვა. Nნამდვილი ხელოვანის ძალმოსილება ღვთით ბოძებული ნიჭია. შემოქმედება ღმერთ – კაცებრივი პროცესია. ღმერთი შემოქმედია და ამიტომ იქ სადაც ჭეშმარიტი შემოქმედებაა, ღმერთი მყოფობს. სიბრძნისა და სიკეთის ძალით უფალმა სოფელს ჭეშმარიტი ხელოვნების ნაწარმოების სახე მისცა, ჰარმონიითა და მთლიანობით აღბეჭდა. ამით აღფრთოვანებული სოლომონ მეფე ამბობს: “მან დასაბამმან მშვენიერებისამან შექმნა ისინი”. მეფე ღმერთს “ხელოვანს” უწოდებს. ხელოვანი ღვთისგან ბოძებული ნიჭის კვალობაზე საკუთარ ინდივიდუალურ ყალიბში ასხამდა ხელოვნების ნაწარმოებს. შუა საუკუნეებში კი ინდივიდუალობა ხელოვანისა, პოეტისა სრულიადაც არ იყო აუცილებელი. პოეტი იყო ღმერთის ნების გამომხატველი. ასე ესმოდათ ხელოვანის დანიშნულება ქრისტიანულ ლიტერატურაში, ამიტომ თითქმის ყველა ქრისტიანული ნაწარმოები იწყება თხოვნით ღვთისადმი, რათა მან მიანიჭოს ძალი და შეძლება გამოთქმისა: “აღმიხუენ აწ ბაგენი ჩემნი და განმინათლენ გონებაი, ღმერთო აღმავსენ სულითა სიბრძნისაითა და მომეც სიტყუაი ჯეროვანი წადიერებით შესხმად საშინელისა, დიდებულისა ხატისა შენისა”. XIII საუკუნეში არსენის ამგვარ რწმენას, რამოდენიმე საუკუნის შემდეგ პოეტი ასე გამოხატავს: 
“გულზედ მესვენა მზე მთვარე
ვლაპარაკობდი ღმერთთანა”. 
ამრიგად, XIII საუკუნისათვის ნიშანდობლივი თითქმის ყველა აქტუალური იდეოლოგიური ასპექტი გამოვლინდა არსენ ბულმაისიმისძის ხელთუქმნელი ხატის საგალობელში.





Комментариев нет:

Отправить комментарий